ჯუმბერ კირვალიძე:"საქართველო უნდა იყოს ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფო!"
საქართველო, 16 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო უნდა იყოს ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფო! - წერს პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე საქინფორმში დღეს გამოგზავნილ წერილში:
„ამ იდეის დამფუძნებელი მამების ღვაწლი და ნატვრაც ეს გახლდათ, - ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული და მერაბ კოსტავათი დასრულებული! ნებისმიერი სხვა "ლიბერალური თუ ლიბერტარიანული" იდეა არ შეესაბამება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, მეტიც, გლობალიზაციის პირობებში წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სამშობლოს და ხალხის თვითმყოფადობასთან, მისი შენარჩუნებისა და განვითარების გზაზე! საქართველო არ იქნება "ლიბერალიზმის" ტყვეობაში, რაც დღეს ხდება, ეს დროებითია და ქართული სულისთვის უცხო! ხოლო, რაც შეეხება სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს (პროვოცირება, ინსპირირება და ა.შ.), ქართველ ერს მისი შემწყნარებლობის გამო პრობლემები არ ექნება და ყველაფერი დარეგულირდება კანონმდებლობით. ჩვენში საბოლოოდ გაიმარჯვებს სწორედ ილიას პოსტულატი - მამული, ენა, სარწმუნოება! ქრისტიანობა ადამიანისაგან ღვაწლს ითხოვს... ლიბერალიზმი მას სხვა რაიმეს სთავაზობს: არ შებოჭოს გრძნობები და ვნებები, ისწრაფოდეს ტკბობისა და კომფორტისაკენ, თანაც ყველაზე უფრო დაცემული და ბინძური სახით. ლიბერალები გულში ურწმუნონი არიან, მათი “ღვთაება” არის მათივე “მე”! მათი ერთადერთი რელიგია მიწიერი ცხოვრებაა და ერთადერთი ბედნიერება – ხორციელი ტკბობა. ყველაფერი დანარჩენი ლიბერალებისათვის მხოლოდ თამაშია: თამაში სიტყვებით, თამაში იდეებით, თამაში თავად ქრისტიანობით!“