საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გენერალ თამაზ თამაზაშვილის განზრახ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
როგორც დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კობა კაციტაძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში თამაზ თამაზაშვილის დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა.„ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მათი ქმედითი დახმარებით შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და, ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით“, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
"პროკურატურამ საკმაოდ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია გაავრცელა დღეს დილით. მე მხოლოდ მივესალმები მის გადაწყვეტილებას. ამ საქმეში მონაწილე ყველა პირმა აღიარა ბრალი. მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შესაბამისად, პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, გაეთვალისწინებინა მათი ეს თანამშრომლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თამაზ თამაზაშვილი სასჯელს 1 წლის განმავლობაში იხდიდა და პატიმრობიდან 2012 წლის ოქტომბერში გათავისუფლდა.