აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ აფხაზებსა და ოსებთან ერთად შევქმნით ძალიან ძლიერ, წარმატებულ და ხალხისთვის სანატრელ სამშობლოს“

giorgaსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 21 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. პრეზიდენტობის კანდიდატმა კონფლიქტების მოგვარების გზებზეც ისაუბრა. მარგველაშვილის აზრით, სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გარანტი იმისა, რომ აფხაზებთან და ოსებთან კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდება.

„მე ერთმნიშვნელოვნად ვხედავ ამ კონფლიქტის, ამ დაპირისპირების გადაწყვეტის მიმართულებას. ეს მიმართულება არის თანხმობით, ქართველ და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად ერთი სამშობლოს შექმნის გზით სიარული. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ საქართველოში განხორციელდეს ეკონომიკური სტაბილურობა, პოლიტიკური სტაბილურობა და ამ ფონზე რეალურად დაინახონ ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც აფხაზეთში და ოსეთში, სამწუხაროდ, ჩვენგან გაყოფილები არიან, რომ ჩვენ ერთად შევქმნით ძალიან ძლიერ, წარმატებულ და ხალხისთვის სანატრელ სამშობლოს“, - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.