აქტუალური
სააკაშვილი რუსეთს აფრთხილებს: „დეოკუპაცია ისევე გარდუვალია, როგორც დღეს მოსდევს ღამე!“
misha-deokupaciaსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი დღესაც თამაშობს საზღვრებით და მავთულხლართებით ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის გაზრდას, -  ამის შესახებ აფხაზეთის ომის დაწყების 21 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. "უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, ვინც ქვეყნის ერთიანობასა და ნათელ იდეალებს შესწირა თავი; ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც უკვე 21 წელია, გმირულად უძლებს ამ დღეს დაწყებული ომის შედეგებს; ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვისაც დღესაც სწამს, რომ ჩვენი ერთობით აღდგება ჩვენი სამშობლოს მთლიანობა! 
ჩემო ძვირფასებო, ეს ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის არ დაწყებულა, ეს ომი თავს მოახვიეს ჩვენს ხალხს, ამიტომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ - ქართველები და აფხაზები! 
აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალი დღეს რუსეთში იწერება. ის დღესაც თამაშობს საზღვრებით და მავთულხლართებით ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობის გაზრდას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია და ყველაფერი შეიცვლება. მათ უბრალოდ ერთი მარტივი ჭეშმარიტება ავიწყდებათ - როგორც დღეს მოსდევს ღამე, ისე მოჰყვება ოკუპაციას დეოკუპაცია. ეს გარდაუვალია, მაგრამ ჩვენი სიყვარული, ძმობა და ერთობა ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. 
ჩემო აფხაზო ძმებო, დებო და დედებო, ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს, ეს ჩვენი საერთო მიწაა და დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს დღეს ვიხსენებთ, ყველაზე მეტად მსურს, ვიყო იმედიანად - ჩვენ ისევ ვიქნებით ერთად! ჩვენი შვილები ერთმანეთის მხარდამხარ გაიზრდებიან და ერთად ვიამაყებთ მათი წარმატებით! 
ჩვენს ხალხებს აქვთ საერთო მომავალი!",
- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.