"ეს ომი იყო დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტის თავიდან აცილება ახლად შექმნილმა სახელმწიფომ და ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო. საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ორივე მხარემ განიცადა დიდი დანაკარგი და წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიები.
გვინდა, პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულის ხსოვნას, მივუსამძიმროთ ყველა ოჯახს, ქართველებსა და აფხაზებს.
პირველ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უარი თქვა თავსმოხვეულ, აგრესიულ და მილიტარისტულ პოლიტიკაზე. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მზადაა აფხაზებისა და ოსების ინტერესების დასაცავად და გულწრფელად დაინტერესებულია მათთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლების შექმნით. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც დაადასტურა ცალმხრივი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა მოვძებნოთ გამოსავალი და ვიზრუნოთ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული მომავლის მშენებლობაზე, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია. დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით, გასულ საუკუნეში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები აღარასოდეს განმეორდება".