პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „მითი აფხაზეთზე, როგორც ბუფერზე საქართველოსა და რუსეთს შორის, უნდა დაიმსხვრეს“

1-golos-amerikiსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. აფხაზეთი არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც ბუფერი რუსეთ-საქართველოს შორის, ეს მითი უნდა დაიმსხვრეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. ბიძინა ივანიშვილის ექკლუზიური ინტერვიუ რადიოს ვებ-გვერდზე დღეს განთავსდა. პრემიერი „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს ჯეიმს ბრუკს ესაუბრა. ინტერვიუ აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავს მიეძღვნა.

„ვფიქრობ, ის, რომ აფხაზეთი გამოიყენება, როგორც ბუფერი რუსეთსა და საქართველოს შორის, და თუ მართლა ამის მსგავსი არსებობს, ეს ილუზიაც უნდა დაიმსხვრეს, ჩვენ არ უნდა დაგვჭირდეს არანაირი ბუფერები რუსეთთან ურთიერთობაში.  ჩვენ ახლო მეზობლური ურთიერთობა გვქონდა და უნდა აღვადგინოთ აუცილებლად. რაც შეეხება ჩვენს აფხაზ ძმებს, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა აუცილებლად უნდა დავალაგოთ, ერთადერთი გზა არის მხოლოდ მეგობრული და მხოლოდ ძმური. და არცერთ შემთხვევაში, საუბრის დონეზეც კი ძალა არ უნდა იყოს ნახსენები. ამისთვის ჩვენ სამართლებრივი, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და გავუჩინოთ ინტერესი აფხაზებს ჩვენთან თანაცხოვრების, დავარწმუნოთ აფხაზები, რომ მათი პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენთან უკეთესია", - განაცხადა პრემიერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.