საზოგადოება
შალვა ფიფია: „ჩვენ შევცვლით თამაშის წესებს. რთველი 2013 იქნება ისეთი, რომ გლეხი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი“

pipiaსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რთველი 2013 იქნება ისეთი, რომ გლეხი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოება - კიდევ უფრო თანამედროვე, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

წინა პერიოდში სახელმწიფოს ჩარევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფო გამოდიოდა, როგორც ერთერთ კონკურენტი მეურნეობის სექტორისა. 2012 წელს სახელმწიფომ ჩაიბარა დაახლოებით 63% მთელი მოსავლის, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ კერძო სექტორმა ჩაიბარა გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა პერიოდში. ჩვენ შევცვლით თამაში წესებს. რთველი 2013 იქნება ისეთი, რომ გლეხი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოება კიდევ უფრო თანამედროვე. უკვე დაემატა შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტს მე–5 კომპონენტი. ეს არის სესხი მეღვინეებისათვის, ის, ვინც იბარებს ყურძენს მოსახლეობისაგან, შეძლებს, რომ 15-თვიანი შეღავათიანი კრედიტი აიღოს, რომლის ღირებულება იქნება არაუმეტეს 6%–სა, მაქსიმუმ 15%–ში აიღებენ ამ სესხებს, ხოლო სახელმწიფო დაასუბსიდირებს 9%– ამ სესხისა.

ასევე, მოხდება სუბსიდირება, როგორც წინა პერიოდში, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ნაცვლად ვაუჩერების სახით სუბსიდირებისა, მოხდება მეწარმეების პირდაპირი დაფინანსება, პირდაპირი დახმარების წესით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ სუბსიდია გავრცელდება სამ ჯიშზე, ეს არის რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი”, – განაცხადა შალვა ფიფიამ.

ღვინის სააგენტოს უფროსის ლევან დავითაშვილის გამარტებით კი, „შემოთავაზებული საბაზრო მექნიზმები საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ნაკლები ზეწოლა მოდიოდეს სახელმწიფოზე, მეტი იყოს მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან და უფრო სამართლიანად, კოორდინირებულად ჩატარდეს 2013 წლის რთველი“.