სამართალი
გაუტეხელი მინისტრი

devnilebi-ezoshiდღეს ქარელის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს საკვები პროდუქტები გადასცეს. სკოლის მოსწავლეებმა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი შეაგროვეს.

ეს კი იმ ფონზე ხდება, როდესაც 30-მდე დევნილი, უკვე მე-14 დღეა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში, კარვებში, ცხოვრობს. მათ ამ დრომდე არც მინისტრი და არც სამინისტროს რომელიმე თანამშრომელი არ შეხმიანებია.

ორი კვირაა დევნილები უშედეგოდ ითხოვენ საცხოვრებელის დაკანონებას, ნაწილი კი საცხოვრებელი ფართების გამოყოფას, რომლებიც შემდგომ მათაც უნდა დაუკანონდეთ.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარის - დავით მალაზონიას განცხადებით, დევნილთა ნაწილი, რომელიც თავიდან დასთანხმდა რეგიონებში ჩასახლებას, თბილისში დაბრუნდა, ვინაიდან იქ არანაირი საარსებო წყარო არ ჰქონდათ. არ არის წყალი, შუქი, სამუშაო და აქედან გამომდინარე, იძულებული ხდებიან ისევ თბილისში დაბრუნდნენ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და, როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ჯერჯერობით არც დევნილების მოთხოვნის დაკმაყოფილებას აპირებს.

დევნილები ლტოლვილთა სამინისტროსთან მასშტაბური აქციის გამართვას 10 ნოემბრისთვის გეგმავენ.