საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. 13 აგვისტოს საბერძნეთში, ათენის აეროპორტში, თურქეთის რესპუბლიკაში გაფრენის მცდელობის დროს, დააკავეს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული დავით ჩხიტუნიძე.
დავით ჩხიტუნიძეს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორ ეპიზოდად) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.დავით ჩხიტუნიძემ, ეკავა რა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობა, უკანონოდ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე არაერთხელ მოახდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მსჯავრდებული გერონტი ალანიას რამდენიმე დღით უკანონო გამოყვანა, ხოლო 2008 წლის 11 აგვისტოს დ. ჩხიტუნიძემ დოკუმენტების გარეშე, სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებიდან 14 დღის ვადით უკანონოდ გამოიყვანა ოთხი მსჯავრდებული: გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
14 აგვისტოს დაკავებულს შეეფარდა წინა საექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.