საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ფირმა ”დენსუსის” კვლევის მიზანი ობიექტური შეფასების გაკეთება იყო.
მისივე თქმით, დაცვისა და ბრალდების მხარეთა იურისტები ამ გამოკვლევას განიხილავენ და ამიტომ მისი მხრიდან სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილი არ არის.საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ” 12 აგვისტოს 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკული მხარის დასკვნა გაავრცელა.
როგორც ორგანიზაცის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „თავისუფალი ზონის“ საგამოძიებო მედიაჯგუფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებით მომზადებული, დღემდე გაუხმაურებელი დოკუმენტები მოიპოვა.
აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები რუსთაველის გამზირზე 2011 წლის 26 მაისს. დასკვნის მიხედვით, მომიტინგეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს, ხოლო პოლიციის ქმედება მართლზომიერი იყო, თუმცა არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ ოფიცერთა ძალიან მცირე ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას.