საზოგადოება
მანანა კობახიძე: „რომ არა ბურჯანაძე, სააკაშვილი პრეზიდენტი ხელახლა ვერ გახდებოდა!“

nina-mananaსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. 7 ნოემბერს გაუგონარი რამ მოხდა და რომ არა ბურჯანაძე, სააკაშვილი პრეზიდენტი ხელახლა  ვერ გახდებოდა. ძალიან არ მომწონს, როცა ის პირადად არ ემიჯნება ან ვერ ემიჯნება ბიძინა ივანიშვილს, თითქოს მის მხარდამჭერად გამოდის, ამ დროს ყველაფერ იმას ეწინააღმდეგება, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გაზეთ "ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.

ეს მისი ამბიციაა, რათა გახდეს პრეზიდენტი, ალბათ, ბურჯანაძე ხალხის გადაბირებაზეც იმუშავებს, შეიძლება თანამდებობებსაც არიგებს. თუ ჩვენგან წაყვანილი ხალხით აპირებს თავისი შტაბის დაკომპლექტებას, არა მგონია, ეს სწორი იყოს", - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ ასეთი ადამიანები რაც მალე დატოვებენ „ქართულ ოცნებას“, მით უკეთესია.

იყვნენ ჩვენს შტაბში და მხარს უჭერდნენ ნინო ბურჯანაძეს - ასეთები ნამდვილად არ გვჭირდება", - ასე შეაფასა კობახიძემ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მასობრივად გადადიან  ბურჯანაძის პარტიაში.

„ის იყო ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლი. მერე გადავიდა ოპოზიციაში და იყო მიხეილ სააკაშვილის ძალიან აქტიური თანაგუნდელი და თანამებრძოლი, "ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი. მან დიდი წვლილი შეიტანა მიშას მოყვანაში... ახლა ამბობს, სააკაშვილს განვუდექიო, მაგრამ მანამდე იმდენი ცუდი რამ მოხდა, ამის დავიწყება და სხვა რამით გადაფარვა შეუძლებელია", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა, რომლის თქმითაც, 7 ნოემბრის შემდეგ, როცა ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მოაბრუნა.