სამართალი
გაბედავა: „ონიანმა ხელი დამარტყა და მე მაკავებენ ისევ!“

samartali-1-gabedavaსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის პარალელურად, ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეები სასამართლოს ამასწინანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ თავდაცვის ეპიზოდში ახალაიას გამართლების თაობაზე. აქციაზე უფლებადამცველ გიორგი გაბედავას და ადვოკატ გიორგი ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა გაიმართა.

ინციდენტის შემდეგ სამართალდამცველებმა გაბედავა და „თავისუფალი ზონის“ აქტივისტი ონისე გერგედავა დააკავეს. პოლიციის ავტომანქანაში ჩასმამდე გაბედავამ ორჯერ დაიყვირა: „ონიანმა ხელი დამარტყა და მე მაკავებენ ისევე!“

დაკავებული იქნა აგრეთვე ყოფილი პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილი, რომელსაც „თავისუფალი ზონის“ წევრებთან შელაპარაკება მოუვიდა. 100-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ მერებაშვილი გაათავისუფლეს. ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ონისე გერგედავაც.

გიორგი გაბედავას დაკითხვა კი წუხელ შსს-ში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია, დაკავებამდე კი მომხდარ ინციდენტში ახალაიას ადვოკატს გიორგი ონიანს ადანაშაულებდა.

ონიანის დასჯას ითხოვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა, ვინაიდან გაბედავას სახის არეში დაზიანება არ აღენიშნებოდა. "ჩიორას ცხვირი ცხვირია და სხვისი ცხვირი არ არის!“ - განაცხადა კაკაბაძემ.

მომხდართან დაკავშირებით დღეს ბაჩო ახალაიას ადვოკატი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, დაკითხვამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაბედავა და მისი ბანდა, ასევე ნანა კაკაბაძე ახორციელებდნენ ძალადობას. რამდენიმე ინციდენტი მოხდა უკვე, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ადვოკატებს.  ჩვენ მიმართ ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ნუ ვიცავთ ბაჩო ახალაიას და როდიდან გახდა საქართველოში გაბედავას და კაკაბაძის განსასაზღვრი, ვინ ვის დაიცავს სასამართლოზე, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ადამიანები რეალურად არიან მოძალადეები და პროვოკატორები. არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში მუხლი - ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, რაც ცალსახად გამოხატულია ჩვენ მიმართ... იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა ადეკვატური პასუხი. დიახ, იყო ფიზიკური დაპირისპირება“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინდელ ინციდენტში  გიორგი გაბედავა, რომელსაც 166-ე მუხლით ედებოდა ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნო და 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

სასამართლო პროცესზე გაბედავამ აღიარა, რომ ერთ პირს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ბოდიშს მას კი არა, საზოგადოებას უხდის.