პუბლიკაციები
კავკასიის სამი ქვეყნიდან ორი – რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. „ვიდრე ჰხვალ“, საქართველო?!

polit-1-mt-kavkazსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ეწვია ბაქოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. რუსულ–აზერბაიჯანული მოლაპარაკების შედეგების შესახებ პრეზიდენტებმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს, რომლებშიც, კერძოდ, აღნიშნეს:

ი. ალიევი: „რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა – მეგობრულია, კეთილმეზობლური, დაფუძნებული ჩვენი ხალხების ისტორიაზე, ჩვენი ხალხების საერთო ბედზე, აგრეთვე დღეს – ურთიერთინტერესებზე, მყარ საფუძველზე. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ ვითარდება ურთიერთობა პოლიტიკურ სფეროში. ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც მეგობრები, როგორც პარტნიორები... მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო სტრუქტურებში და შემდგომშიც ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის პოლიტიკას.

...დღეისათვის რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის მოცულობა 4 მილიარდი დოლარით იზომება...

ხელმოწერილია მნიშვნელოვანი შეთანხმებები ნავთობგაზის ოპერაციების სფეროში... ეს – ახალი ფურცელია ნავთობგაზის სფეროში რუსეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაში. ჩვენ – ენერგორესურსების მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები ვართ. ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები ემთხვევა... ჩვენ განწყობილი ვართ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რუსეთთან ურთიერთქმედების განმტკიცებისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით.

მიმაჩნია, რომ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობა სამაგალითოა... აზერბაიჯანში 335 სკოლაა, სადაც ხორციელდება სწავლება რუსულ ენაზე, მათგან 15 სკოლაში წმინდად რუსულ ენაზე ასწავლიან; 27 ჩვენს უნივერსიტეტში ხორციელდება სწავლება რუსულ ენაზე, და საშუალო, საშუალო–სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების იმ მოსწავლეთა რიცხვი, რომლებიც რუსულად სწავლობენ, 100 ათასს აჭარბებს. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსული ენის, რუსული კულტურის, რუსული ლიტერატურის მიმართ. წარსულის ყველა პოზიტიურ ტენდენციას აზერბაიჯანში უფრთხილდებიან“.

ვ. პუტინი: „აზერბაიჯანი – რუსეთის დიდი ხნის ტრადიციული საიმედო მეგობარია. ჩვენ მჭიდროდ ურთიერთვქმედებთ კავკასიის რეგიონში, კასპიის რეგიონში, დსთ–ს ფარგლებში, წამყვან საერთაშორისო სტრუქტურებში. ასეთ თანამშრომლობას საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს, სახელმწიფოებს და ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის მყარი ტრადიციები.

მიუხედავად გარკვეული ვარდნისა მსოფლიო ეკონომიკაში, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა ვითარდება და წარმატებითაც ვითარდება. სხვადასხვა შეფასებით, ზრდამ შარშან 37–დან 47 პროცენტამდე შეადგინა. რუსეთი ტრადიციულად ერთ–ერთ წამყვან ადგილს იკავებს აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვაში. ეს – მეორე ადგილია...

აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობა, საქმიანი ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციის 70–ზე მეტ რეგიონს... აზერბაიჯანში 500–ზე მეტი რუსული კომპანია მუშაობს, მათი საქმიანობა სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი დარგების ფართო სპექტრს მოიცავს: ეს არის სათბობენერგეტიკული კომპლექსი, საავტომობილო მრეწველობა, ფინანსები, სადაზღვევო საქმიანობა, ჯანდაცვა. რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეების საკმაოდ დიდი რაოდენობა მუშაობს... რუსეთის მოქალაქეობის მქონე აზერბაიჯანელების ჩათვლით, ეს ორ მილიონზე მეტი ადამიანია.

რუსეთი და აზერბაიჯანი – ენერგეტიკაში მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეები არიან... ახლა თქვენ ესწრებოდით შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერას რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტსა“ და აზერბაიჯანელ პარტნიორებს შორის.

ხდება სათბობენერგეტიკული კომპლექსის სფეროში კოოპერაციის ახალი მიმართულებებისა და ფორმების ათვისება. დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებებს, მაგრამ მათ 15, შესაძლოა, 20 წლის პერსპექტივა აქვთ, ანუ საძირკველი ეყრება მრავალი წლის თანამშრომლობის კარგ ბაზას.

...ამ ვიზიტის ფარგლებში დამტკიცდა ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი პროგრამა 2015 წლამდე“.

მაშ ასე, აზერბაიჯანი: გრძელვადიანი ხელშეკრულებები რუსეთთან ნავთობგაზისა და სხვა სფეროებში, რუსეთის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში, 4 მილიარდი დოლარის რუსული შეიარაღების შესყიდვა, რუსეთთან ვაჭრობის ზრდა – 47% და 335 რუსული სკოლა, რომლებშიც 100 000 მოსწავლეა!

ამგვარად, კავკასიის სამი ქვეყნიდან ორი – აზერბაიჯანი და სომხეთი – რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. „ვიდრე ჰხვალ“, საქართველო?!

polit-1-kavkaz-qv