უცხოეთი
გენადი ონიშჩენკომ საქართველოდან რუსეთში ღვინის შეტანის ტემპების დაცემაზე მიუთითა

genadiსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. რფ–ის „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო საქართველოდან რუსეთში ღვინის მიწოდების ტემპების სტაგნაციითა და ლუგარის ლაბორატორიის მუშაობით შეშფოთებულია,–განცხადება ამის შესახებ ონიშჩენკომ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში ქვეყნის ბაზარზე გავლენას მხოლოდ „ემოციური, მენტალური და ეთიკური“ კუთხით მოახდენს.

„ჩვენ ვხედავთ მიწოდების პროცესის სტაგნაციას. ქართულმა ბიზნესმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა,  რადგან არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა. გარკვეულ სტრუქტურებს შეუძლიათ გააფართოონ სამართლებრივი კორიდორი, რათა რუსეთში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გაფართოვდეს“, –განაცხადა ონიშჩენკომ.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ონიშჩენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს აღნიშნულ ობიექტს, რაც რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისივე თქმით, რუსეთში აფრიკული ღორის ჭირი სწორედ საქართველოდან შემოვიდა. ონიშჩენკო მიიჩნევს, რომ ეს „ობიექტურად დადგენილი ფაქტია“.