საზოგადოება
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია "ქართული ოცნების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია 60-მდე ადამიანმა დატოვა და პარტია "დემოკრატიულ მოძრაობას" შეუერთდა.
"დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ნონა მურვანიძის განცხადებით, ამ ადამიანების "დემოკრატიულ მოძრაობაში" გადასვლის მიზანი პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაა.მისივე თქმით, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იმიტომ არ იღებდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, რომ დარჩენილიყო არჩევანი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის. დღეს კი ხალხი ხედავს, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კოჰაბიტაცია შეთანხმებულ მუშაობას ჰგავს. „ხალხი შოკირებულია ხელისუფლების უნიათობით. ისინი ხედავენ, რომ საქართველოს სჭირდება ისეთი გაწონასწორებული და უდიდესი კავშირების მქონე ადამიანი, როგორიც ნინო ბურჯანაძეა,” - განაცხადა ნონა მურვანიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, "დემოკრატიულ მოძრაობას" შეუერთდა 250 ადამიანიც, რომლებმაც კახეთის რეგიონის რვა რაიონში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბები დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კოჰაბიტაციაა.