აშშ-ის სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსში“ მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან
საქართველო, 13 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა.
ირაკლი ალასანიასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე
მიხეილ დარჩიაშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი
ვლადიმერ ჩაჩიბაია. თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა
„ჰოჰენფელსს“ მოინახულებს. აშშ-ის
გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ISAFის მისიისთვის
მე-III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ბათუმის ცალკეული ქვეითი ბატალიონის ქართველი სამხედროების მოსამზადებელი წვრთნა მიმდინარეობს. ირაკლი ალასანია მიმდინარე წვრთნებს დაესწრება და ამერიკელი სამხედროების მიერ ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს დეტალურად გაეცნობა.
„ჰოჰენფელსში“ მომზადების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში გაემგზავრებიან და ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში შეუდგებიან მისიის შესრულებას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ევროპაში ამერიკის სახმელეთო ძალების სარდალს, გენერალ ლეიტენანტ დონალდ კემპბელს შეხვდება.