აქტუალური
სააკაშვილი: „პუტინმა გამაწყვეტინა ძალიან უხეშად და მითხრა: Михаил Николаевич, на этот раз мы вам помогли, но с Южной Осетией и Абхазией больше никаких подарков вам не будет!“

akt-3-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“ ტელეარხ „Rustavi 2“–ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილი „ვარდების გადატრიალებიდან“ დღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“–ს აღარ უწოდებდა არხს, რომელიც „ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს“ და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს „დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური“ ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის კითხვაზე, - ბატონო პრეზიდენტო, რა მომენტში გასცა ქართულმა მხარემ, საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის გახსნის ბრძანება და იყო თუ არა ამის გარდაუვალი აუცილებლობა? კრემლის პოზიცია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ისინი ამბობენ, რომ იძულებული გახდნენ პასუხი გაეცათ ცეცხლზე, რათა დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე, - სააკაშვილმა, კერძოდ, უპასუხა:

- გარდაუვალი აუცილებლობა საქართველო-რუსეთის ომის არ არსებობდა მხოლოდ ერთი პირობით, თუ საქართველო არ შედგებოდა, როგორც სახელმწიფო. თუ საქართველო შეასრულებდა რუსეთის პირობებს არა 2008-ში, არა 2007-ში, არამედ დაწყებული 2003-ის ბოლოდან.

როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია, რუსეთი შეშინდა. მაგრამ ვარდების რევოლუციას შემდეგ მოჰყვა უკრაინის რევოლუცია... მერე მოჰყვა ყირგიზეთის რევოლუცია და დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის რუსეთშიც გაჩნდა ამის სიმპტომები. შემთხვევითი არ არის, რომ გივი თარგამაძეს პუტინი მიიჩნევს ერთ-ერთ თავის მთავარ მტრად, ისევე, როგორც ბევრი ქართველი მთავრობის წარმომადგენელი, და ამ სიტუაციაში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ძველ გზაზე სიარულს, რომ აქ გვყავს იგორ გიორგაძე, ვარდიკო ნადიბაიძე, რუსეთის აგენტები აკონტროლებენ ყველაფერს, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა. მე 1994 წელს ვიმყოფებოდი ნიუ იორკში, როცა ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ვიჯექით ყოფილ საბჭოთა მისიაში და მაშინ რუსეთის ფედერაციის მისია ეწერა გარედან, საქართველოს მისია კი არა. ორი სართულით ქვემოთ იჯდა რუსეთის ელჩი. წარმოიდგინეთ, რამდენი მიკროფონი ჰქონდათ გამოყვანილი, მაგრამ მიკროფონის გამოყვანაც არ სჭირდებოდათ, მისიის ხელმძღვანელი იყო კაცი, რომელიც ამაყად გვიყვებოდა, რომ მე ვარ ეფ-ეს-ბეს გენერალიო. მოადგილე ჰყავდა დღევანდელი ერთ-ერთი აქტიური ქართველი პარლამენტარი, რომლის კავშირებს რუსეთის უშიშროებასთან, მე მგონი, თვითონაც არ მალავს და თუ მალავს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ამ შემადგენლობით, როცა გიორგაძე გვყავდა, ნადიბაიძე გვყავდა, კვირაია, მათი დანიშნული ხალხი, რა თქმა უნდა, მოგვაწერინებდნენ ხელს, რაზეც უნდოდათ. ამიტომ თუ ასეთი საქართველო იქნებოდა, სადაც ასე მოგაწერინებდნენ ხელს, მერე კახა თარგამაძე რუსეთის ბრძანებით გადაიყვანდა გილაევის რაზმებს კოდორში და იქ დააბომბინებდა, იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესებში ეს შედიოდა, მერე, როცა რუსეთს რაღაც შიდა პრობლემები ექნებოდა, ახმეტას დააბომბინებდნენ, იმიტომ, რომ ჩვენები მისცემდნენ ამის საშუალებას; მერე მათთან ერთად ჩვენც ვიყავით ჩართული – საქართველოს მაშინდელი მთავრობა – კორუფციაში, აღებ-მიცემობაში, კანონიერი ქურდები, ტარო ონიანი და კალაშოვი მოძრაობდნენ და ისინი ამყარებდნენ ხალხთა შორის ურთიერთობას. ასეთ საქართველოსთან რუსეთს არ დასჭირდებოდა სამხედრო ჩარევა. ასეთი საქართველო თვითონ უტირებდა თავის თავს ყოფას და გამოუყვანდა წირვას.

აჭარა რომ დაბრუნდა და ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა - პუტინს ვერავინ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვერცერთი ტერიტორია ვერ წაართვა უკან. ხომ არის ბევრი ტერიტორია, რომელსაც ის არაფორმალურად აკონტროლებდა, დნესტრისპირეთი, შუა აზიაში რამდენიმე ტერიტორია, ბოლოს და ბოლოს, მეზობელ სომხეთში რომ ჩადიხარ,  საზღვარზე გხვდება რუსი მესაზღვრე და ის ამოწმებს შენი, ქართველი მეზობლის პასპორტს... და აჭარის წართმევა რუსეთისთვის წართმევა იყო, იმიტომ, რომ რუსი გენერალი ეჯდა ასლანს კაბინეტში. როცა აჭარა, მისი თვალსაზრისით, ჩვენ წავართვით, მე დავურეკე პუტინს და ვიყავი ძალიან ზრდილობიანი, დავურეკე მგელს კრავმა და აიღო ყურმილი და ძალიან კრავული ხმით ვუთხარი, რომ ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ არ დავივიწყებთ არასოდეს, რომ თქვენ ასეთი კონსტრუქციული როლი შეასრულეთ აჭარის საქართველოში რეინტეგრაციაში. მე მოველოდი, რომ გაჩუმდებოდა მაინც და ზრდილობიანად მეტყოდა, - ჰო...  უცებ გამაწყვეტინა ძალიან უხეშად და მითხრა: Михаил Николаевич, на этот раз мы вам помогли, но с Южной Осетией и Абхазией больше никаких подарков вам не будет! Там у вас ничего не получится. პირდაპირ გაავლო ხაზი, რომ ერთხელ შენ გამაცურე, მაგრამ შენი მოსატყუებელი კბილი უკვე დღეიდან მოცვლილი მაქვს და ვეღარ ეღირსებიო.