პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: „როდესაც 2008 წლის ომამდე მეკითხებოდნენ, გამოიყენებს თუ არა სააკაშვილი ძალას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ? – ყოველთვის „არას“ ვპასუხობდი, იმიტომ რომ ამდენად შეშლილი არ მეგონა! მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოხდა...“

CaCia-mtსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. როგორ შეიცვალა ამ წლების განმავლობაში განწყობა ქართულ საზოგადოებაში? რას ელოდებიან რუსეთისგან თბილისში, და ასევე ცხინვალსა და სოხუმში? როგორია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შანსი? „საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაციად“ წოდებული 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ხუთი წლისთავის წინა დღეს ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ ინტერვიუ მისცა რადიო „გოლოს როსიის“.

– შეიცვალა თუ არა ქართველი ხალხის დამოკიდებულება რუსების მიმართ „ხუთდღიანი ომის“ დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ? და თუ შეიცვალა, რაში ხედავთ ამის გამოვლინებას?

– რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს, იმ ისტერიამ, რომელიც თან ახლდა ამ საომარ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, საზოგადოების რაღაც ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. მერე ეს რაღაცანაირად გასწორდა, იცით, იმიტომ რომ ხელისუფლება არასოდეს სარგებლობდა მოსახლეობის ნდობით. ყველაფერს, რასაც ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, ხალხი საკმაო სკეფსისით აღიქვამდა. მითუმეტეს, 2008 წლის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს ომი მოგებულად გამოაცხადეს, როდესაც ხმაურიან ზეიმებს აწყობდნენ, მთელ მასობრივ შოუებს. მას შემდეგ, რაც მთელი სამხედრო ინფრასტურქუტრა დაინგრა!

აშკარა იყო, რომ ომი, თუკი ამას საერთოდ შეიძლება ომი ეწოდოს, აბსოლუტურად წაგებულია. მერე ეს უკვე ირონიაში, დაცინვაში გადავიდა. და ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებმა სიტუაციას საღი თვალით შეხედეს. მათ შორის რუსეთის როლს ამ მოვლენებში. მოლოდინი, რომ ეს მკვეთრად გააძლიერებს ანტირუსულ განწყობას ქართულ საზოგადოებაში, რუსოფობია გაჩნდება და ასე შემდეგ, არ გამართლდა. პირიქით, საღად მოაზროვნე ადამიანებმა ისეთი პოზიცია დაიკავეს, რომ საჭიროა ურთიერთობის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება, ამ ფურცლის გადაშლა. და ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული მოლოდინი ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილისგან, ახალი ხელისუფლებისგან. რამდენადაც ის არანაირად არ მონაწილეობდა ამ მოვლენებში. ახალი ადამიანი. ის არც სისხლშია გასვრილი, არც გასული წლების ავანტიურებში. ის არაფერში მონაწილეობდა და ხალხმა ამიტომაც მისცა ხმა. ეს არის ახალი, სუფთა ადამიანი, რომელიც შეძლებს რუსეთთან ახალი ურთიერთობის აწყობას. იმ ძველის, კარგის აღდგენას, რაც იყო, და შემდგომ განვითარებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს არ მომხდარა.

– რადგან ივანიშვილი ვახსენეთ – ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. სააკაშვილი აღარ იქნება. და ბევრი ამას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის იმედს უკავშირებს. მართლაც რეალურია თუ არა ეს?

– არ იქნება სააკაშვილი, იქნება სხვა ვინმე. სამწუხაროდ, ივანიშვილის პოლიტიკურ ქცევაში, მის საკადრო პოლიტიკაში, იმაშიც კი, ვინ წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად თავისი პარტიიდან, ეს კი მისი პირადი კანდიდატია, ამ ყველაფერში ვერ ვხედავ ურთიერთობის მოგვარების სურვილს, რათა ის ისეთი გახდეს, როგორიც უნდა იყოს. ხოლო თუ ივანიშვილი ხელისუფლებიდან წავა, სათავეში ის დაჯგუფება დარჩება, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, აშშ–ის ელჩი, რომელიც საქართველოს რეალური მმართველია. ბუნებრივია, ისინი არანაირ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ან რუსეთის ფედერაციასთან ახალი სახის ურთიერთობას არ დაუშვებენ. ასეთი რამ შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის.

CaCia-1

საქართველომ მტკიცე კურსი აიღო ნატოში შესვლაზე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მეგობული ურთიერთობა, უფრო ზუსტად, მის პერსპექტივა, სამუდამოდ დაიმარხა? აისახება თუ არა ეს საქმიან ურთიერთობაზე?

- სრულიად აშკარაა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს. ეს არც ამერიკელებს სჭირდებათ, არც ევროპელებს. ევროკავშირში შესვლაზე აღარაფერს ვამბობ. ეს უკვე ოცნება კი არა, ნამდვილი ფანტაზიაა. მაგრამ ამ თემის გამუდმებით მუსირება, ცხადია, ხელს არ უწყობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას. რადგანაც ყველასათვის აშკარაა, რომ რუსეთს არ შეიძლება ხელს აძლევდეს საქართველოს ნატოში შესვლა. და რომ ეს საქართველოში ნატოს ეგიდით თურქეთის კონტინგენტის და დაზვერვის სამსახურების შემოსვლას ნიშნავს. ვფიქრობ, რუსეთს ეს მშვენივრად ესმის, ამიტომ ეს არ შეიძლება არ აღიზიანებდეს.

თუკი ადრე ბევრს ლაპარაკობდნენ სამხრეთ ოსეთისა ა აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, ახლა ეს საუბრები მიჩუმდა. როგორ ფიქრობთ, რასთან არის ეს დაკავშირებული?

- სამხრეთ ოსეთში ეს საუბრები გრძელდება, ვინაიდან რესპუბლიკის პრეზიდენტმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თავისი საქმიანობის მიზნად მიაჩნია ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ რუსეთის ფედერაციაში შესვლისკენ მიმართული ტენდენციები არასოდეს ყოფილა განსაკუთრებით ძლიერი. ლაპარაკი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაზე, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა ექნება რუსეთთან. და ეს გასაგებია, რადგან სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უბრალოდ, მომავალი არა აქვს - მეტისმეტად პატარა ტერიტორია, მეტისმეტად მცირერიცხოვანი მოსახლეობა, ინდუსტრიული პოტენციალი ფაქტობრივად არ გააჩნია. როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს იქ დამოუკიდებელი სახელმწიფო?

რაც შეეხება აფხაზეთს, იქ სხვა სიტუაციაა. აფხაზეთი ზღვისპირა რესპუბლიკაა და იქ არის რაღაც პერსპექტივა განვითარებისათვის. თუმცა, რუსეთის დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, იქ არაფერი გამოვა. ჩემი აზრით, ამჟამად მეტად სახიფათოა  მართლმადიდებელ მღვდლებს შორის განხეთქილების ტენდენცია. იქაური მართლმადიდებელი მღვდლების ორიენტაცია კონსტანტინოპოლის პატრიარქის სასარგებლოდ იცვლება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენისაგან გასვლას ნიშნავს. აი, ეს პროცესებია იქ. ვფიქრობ, ისინი თანდათან გაძლიერდება. იმ შემთხვევაში, თუ როდისმე დადგება მომენტი, როდესაც კიდევ ათიოდე ქვეყანა აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ვფიქრობ, ერთ-ერთი ამ ქვეყანათაგანი თურქეთი იქნება. და მაშინ, უდავოდ, ის მონოპოლიური გავლენა რეგიონში, რომლითაც რუსეთი ახლა სარგებლობს, დამთავრდება. თურქეთი სერიოზულ კაპიტალს ჩადებს რეგიონში თავისი პოზიციების გასამყარებლად, რათა აფხაზეთში ყოფნით გააძლიეროს გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზე. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აფხაზეთში ჩნდება ხალხი და, ალბათ, გაიზრდება კონტინგენტი, რომელიც რუსეთის გავლენისაგან დისტანცირებას შეეცდება.

– როგორ მიგაჩნიათ, საქართველომ ამ ომიდან გაკვეთილი გამოიტანა? იქნება კიდევ საქართველოს მხრიდან ამ ტერიტორიების ხელყოფა?

– ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ტერიტორიის ძალისმიერი ხელყოფა აღარ იქნება. მე მგონი, სრულიად შეშლილი უნდა იყო, რომ იმის მერე, რაც მოხდა, კიდევ იფიქრო ძალისმიერ გავლენაზე. მეორე მხრივ,  მე გარკვეული გამოცდილება მაქვს. როდესაც 2008 წლის ომამდე მეკითხებოდნენ, გამოიყენებს თუ არა სააკაშვილი ძალას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ყოველთვის „არას“ ვამბობდი. იმიტომ რომ ამდენად შეშლილი არ მეგონა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მოხდა. და აი ახლა ერთგვარი შიშით ვამბობ: არა, ეს შეუძლებელია. ამასთან, დღეს ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაში მივიდოდა და, ამ გამოცდილებით, ასეთ ავანტიურაზე წავიდოდა.

CaCia-2

მართალია, მოვლენებზე ძალისმიერ გავლენას არ ვვარაუდობ, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის გამართვის რაიმე მცდელობას ვერ ვხედავ.

მიმაჩნია, რომ მხარეებისთვის აუცილებელია ინტეგრაციული პროექტი, რომელიც საქართველოს აფხაზეთის გავლით რუსეთზე გასვლის შესაძლებლობას მისცემდა. ხოლო რუსეთს – აქეთ. იგივეა სამხრეთ ოსეთში. ეს უნდა იყოს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული პროექტები, შემდეგ კი რაიმე პოლიტიკურიც. მაგრამ ეს საერთო სივრცე – რუსულ–აფხაზურ–ქართულ–ოსური – სავაჭრო–ეკონომიკური თვალსაზრისით ღია უნდა იყოს. აი, ამაში ვხედავ საცხოვრებელ ადგილებში დევნილების დაბრუნების საწინდარს. და ამ რეგიონის მომავალ განვითარებას ასეთ პროცესებს ვუკავშირებ.

სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჯერჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამს. იმ საკადრო პოლიტიკის შემხედვარე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს: მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის, მინისტრების, რომლებიც მან დანიშნა – ვხედავ, რომ ეს არ არის მისთვის პრიორიტეტი, არ არის პრიორიტეტი დღევანდელი მთავრობისთვის. მე ეს დიდ შეცდომად მიმაჩნია.

(ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი ნახეთ „გოლოს როსიის“ საიტზე და საქინფორმის გვერდზე YouTube–ში)