სავალუტო ფონდი საქართველოს ხელისუფლებას საბიუჯეტო სტიმულირების შეწყვეტას ურჩევს. ამგვარ რეკომენდაციას ფონდი 2011 წლისთვის იძლევა. გარდა იმისა, რომ ფონდი გაისად საქართველოში მხოლოდ 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ასევე აცხადებს, რომ ქვეყანას მაღალი საგარეო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი აქვს. ინვესტიციების მოცულობა კი ჯერაც ვერ დაუბრუნდა კრიზისამდელ მაჩვენებელს.
თუმცა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ფონდს ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიაჩნია, რათა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა შენარჩუნდეს. როგორც საქინფორმს ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია, რაც კიდევ უფრო დამღუპველია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისთვის. ,, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. თავდაპირველად ქვეყნის ხელისუფლებას არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ქვეყანა კრიზისში იყო, მოგვიანებით აღიარეს და ახლა ამბობენ, დავძლიეთო. ეს სიყალბეა. შიშის გამო ქვეყნაში ეკონომიკური ინვესტიციები შეჩერებულია, თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტის ხარჯზეა, რაც ეკონომიკურ ვარდნას იწვევს. ამას ისიც ემატება, რომ მონოპოლიური სტრუქტურების ხელში გადადის ქვეყნის ეკონომიკის ნაწილი, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოთქვა და რეკომენდაციები მისცა საქართველოს ხელისუფებას,’’ - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.