აქტუალური
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და ამნისტირებული მოქალაქეები რეაბილიტაციას ვერ ახდენენ

1-enverსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. სააგენტო news.ge-ს ცნობით, სპეცოპერაცია ,,ენვერის“ ფარგლებში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული საქართველოს 9 მოქალაქე აცხადებს, რომ სოციალურ რეაბილიტაციას აქამდე ვერ ახერხებს.  მათი თქმით, შესაბამის უწყებებში საკუთარი განაჩენის მიღებაზე უარი განუცხადეს, მიზეზად კი საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ არსებობა დაუსახელეს.

პოლიტპატიმრების უფლებებს ამჟამად ადვოკატი რამინ პაპიძე იცავს, რომელმაც არჩილ კბილაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული საკითხით პირადად დაინტერესების თხოვნით მიმართა.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის განმარტებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების მეექვსე მუხლის გათვალისწინებით, ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა მიზეზით ედება ბრალი.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2010 წლის 11 მაისს შს სამინისტრომ სპეცოპერაცია “ენვერის” ფარგლებში ჯაშუშობის ბრალდებით 15 პირი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ფარულ კავშირში იყვნენ.