პოლიტიკა
საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმი შესაძლოა გამარტივდეს ან საერთოდ გაუქმდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სააგენტო „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე შეფასებით, მოკლე დროში რისი მიღწევაც შეიძლებოდა რუსეთთან ურთიერთობაში, უკვე მიღწეულია – კერძოდ, აღდგა სავაჭრო ურთიერთობა, რომლის გაღრმავება და გაფართოება შესაძლებელია."ამერიკის ხმის" მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელის ჯეიმს ბრუკის შეკითხვაზე, გამოიყენება თუ არა აფხაზეთი ბუფერად რუსეთთან ურთიერთობაში, ივანიშვილმა მიუგო, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს არანაირი ბუფერი არ სჭირდება, ხოლო რაც შეეხება აფხაზეთს, „ერთადერთი გზა არის მეგობრული, ძმური, არც ერთ შემთხვევაში საუბრის დონეზეც კი ძალა არ უნდა იყოს ნახსენები“.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას არც ძალიან ახლო და არც ძალიან შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს.
„ამას სჭირდება უფრო მეტი პოზიტივი, ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტი გათელვა. ამას სჭირდება დრო, თუმცა ჩვენი მხრიდან ამის მზაობა და სურვილი არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.