მისივე განცხადებით, ეს იყო რთული გადაწყვეტილება.
“მახსენდება, როგორ ვსაუბრობდი ვლადიმერ პუტინთან, როდესაც ქუჩაში ვსეირნობდით. მე მას ვუთხარი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. მან მიპასუხა, რომ ისიც სწორად მიიჩნევს ასეთ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ეს ძალიან რთული იყო. მასთან საუბრის შემდეგ მე მოვიწვიე უშიშროების საბჭო, სადაც ვთქვი, რომ მიზანშეწონილად მივიჩნევ მივიღო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოდან კოლეგებმა მხარი დამიჭირეს”, - განაცხადა მედვედევმა.
რუსეთის პრემიერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა სტრატეგიული გათვლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
“დიდი ალბათობით, ბატონი სააკაშვილი იმყოფებოდა ილუზიაში, რომ რუსეთში პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ შეიძლება შეეცადოს მშვიდად მიაღწიოს იმ მიზნებს, რომელთა მიღწევა ვერც მან და ვერც მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს წინა წლებში. ჩემი აზრით, თავისი როლი ითამაშა იმ პირდაპირმა მხარდაჭერამ, რომელსაც სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მხრიდან. ეს მხარდაჭერა კი იყო არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალურიც”, - განაცხადა მედვედევმა.
ამასთან, მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქართული მხარე 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტს აღიარებს.
„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთს არ გაუწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ ის კონკრეტული პირობების სანაცვლოდ. ეს არის მარტივი აღიარება იმისა, რაც მოხდა. ეს შეიძლება რთულად წარიმართოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება“, – განაცხადა მედვედევმა.