პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „დიპლომატიური ურთიერთობა ყოველგვარი წინაპირობებისა და სანაცვლო დაპირებების გარეშე უნდა აღდგეს“

1-culukiani-2საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოა და ამ მოცემულობას ვერც ერთი სახელმწიფოს მმართველთა შეფასებითი მსჯელობა ვერ შეცვლის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი მედვედევის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"2008 წლის აგვისტოში რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ის  რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ჩვენი დღესაც ქვეყნის დედაქალაქიდან. ამიტომაც არის ოკუპანტი და მეტიც. ის ახორციელებს მცოცავ ანექსიას. ჩვენ გვახსოვს სულ ახლახან მავთულხლართების ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისედაც შუაზე გაყოფილი სახლები და ქართული ტერიტორიები კიდევ ერთხელ მოხვდა მეორე მხარეს. ეს არის მოცემულობა და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთი სახელმწიფოს ვერცერთი ხელმძღვანელის და, მითუმეტეს, რუსეთის მმართველი რგოლების შეფასებითი მსჯელობა", - აღნიშნა წულუკიანმა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეფასებით, დიპლომატიური ურთიერთობა ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, როგორც წესი, ყველანაირი წინაპირობების გარეშე აღდგება ხოლმე სწორედ იმიტომ, რომ სალაპარაკო მაგიდა გაიხსნას. 
"თუ სალაპარაკო მაგიდა ვერ გაიხსნა, ისე ჩვენ ვერც ერთ თემაზე, მათ შორის ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვერ ვისაუბრებთ საფუძვლიანად, ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს ყოველგვარი წინაპირობების, დათქმების და, ასე ვთქვათ, სანაცვლო დაპირებების გარეშე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ტელეარხ Russian Today-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საქართველო 2008 წელს მომხდარ ფაქტს აღიარებს, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი შესაძლებელია.