პუბლიკაციები
მარიამ ცაცანაშვილი: „ღამღამობით ნოტარიუსებს იმ მოქალაქეების უსასრულო რიგი ედგათ, ვისაც თავისი საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემა „სწყუროდა“, ხოლო თუ ვინმე არ თანხმდებოდა, საქმეში პროკურატურა ერთვებოდა და სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა!“

1-analit-cacanaSviliსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საკუთრების დაცვა, როგორც თავისუფალი ეკონომიკური კონკურენციის და დემოკრატიული სახელმწიფო წყობის წინასწარი პირობა, ამასთანავე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტი უნდა გახდეს. საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების ამგვარი გაგება ჩამოყალიბდა საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დასაშვები ჩარევის პირობებსა და ნორმებსაც განსაზღვრავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას, ქართულ კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას არ ძალუძს უზრუნველყოს ყოველი მესამე პირის მიერ სხვისი საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებული შესაბამისი ვალდებულებების შესრულება. ამ მდგომარეობას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, საერთაშორისო ორგანიზაციათა დასკვნები და სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის კონტროლზე სახელმწიფოს უფლება ამ უფლების სისტემატური დარღვევის საფუძველი გახდა.

სააკაშვილმა საქართველოში კერძო საკუთრების მიმართ სიძულვილი დააკანონა. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში საკუთრების, როგორც დასავლური ფასეულობის დაცვას მხოლოდ ვერბალური გამოხატულება ჰქონდა, საქმით კი ამ სფეროში სერიოზული დარღვევების მთელი კასკადი იქნა დაშვებული, რომლებმაც მთლიანად მოუსპეს მას ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების დასავლური გაგება. გთხოვთ, სწორად გამიგოთ – მე არ უარვყოფ საკუთრების სფეროში სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობას. დასავლური სტანდარტები სწორედ საზოგადოებრივ ინტერესებსა და ინდივიდის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას გულისხმობს. საქართველოში კი ეს სფერო „სახელმწიფო რეკეტის“ მსხვერპლი გახდა.

საქართველოში საკუთრების უფლების მასობრივი და სისტემატური დარღვევის პრაქტიკულად ყველა სახეობას აღმოაჩენთ: მიწის, უძრავი ქონების, ინტელექტუალური საკუთრების, დაქირავებას, საკუთრების ნაწილობრივ ჩამორთმევას, აქციების იძულებით გაყიდვას, ე.წ. იპოთეკურ პირამიდებს, რამაც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლების გარანტიებს სერიოზული ზიანი მიაყენა. ამ პრობლემაზე მსჯელობა თავისთავად წამოჭრის სასამართლო  განხილვის ბერკეტების ეფექტიანობის საკითხს.

ადმინისტრაციული ზეწოლის მიუხედავად, რამდენიმე საქმემ ევროპულ სასამართლომდე მაინც მიაღწია. მაგალითად, საქმეში „საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (2010 წლის 29 აპრილი), აგრეთვე საქმეში „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (2010 წლის 4 მაისი) გამოტანილი იქნა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოქალაქეთა საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი ფიზიკურმა პირებმა მოიგეს. ორივე შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფომ ჩამორთმეული ქონება უნდა დააბრუნოს და აანაზღაუროს როგორც მატერიალური, ისე მორალური ზარალი (მორალური ზარალი – თხუთმეტი ათასი ევრო და შვიდი ათასი ევრო სასამართლოს ხარჯებისათვის), სათანადო კომპენსაციის გაცემით. ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია და ის, ალბათ, იმ დარღვევების ერთ მესამედს შეადგენს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლური ღირებულების – საკუთრების უფლების სფეროში სჩადიოდა.

ეჭვგარეშეა, საქმეების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფოს ზეწოლით სასამართლომდე არ მიდიოდა. ამას მიამატეთ საკანონმდებლო ბაზა, რომლის თანახმად ფიზიკურ პირებთან შედარებით უფრო მყარი იურიდიული გარანტიები ბანკებს ეძლევა, და მაშინ ნათელი გახდება მოქალაქეთა უიმედობა სასამართლო წესით კერძო საკუთრების დაცვის საქმეში.

კიდევ უფრო რთული სურათი იხატება მიწის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების ანალიზისას. ამ შემთხვევაში თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება გამოდგეს არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებებში ასახული პროექტი „საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ტურისტულ ზონებში: გონიო, ანაკლია, მესტია“. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასობით ოჯახს მიწაზე უფლება დაუმტკიცეს, შემდეგ კი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელად გააუქმეს... საკუთრების უფლების აღიარების კომისიის არგუმენტი ის იყო, რომ ზემოხსენებული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონის ნაწილად ითვლებოდა, რაც არჩევნებამდე, ცნობილი მიზეზით, ამავე კომისიის „ყურადღების მიღმა დარჩა“.

კანონი პირდაპირ არ კრძალავს ასეთი მიწის ნაკვეთების გასხვისებას, მაგრამ, სულ მცირე, აუცილებელია კულტურის სამინისტროს თანხმობა, რაც ამ შემთხვევაში ასევე არ ყოფილა. ეს მიწის ნაკვეთები, რომლებიც ტრადიციულ სარგებლობაში იყო, ამ რეგიონის მცხოვრებთ ეკონომიკურად აქტიურებს ხდიდა. გონიოშიც და მესტიაშიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ხალხი ქმნიდა და მეურნეობის პროფილის მკვეთრი ცვლილება, მეტიც, მისი უალტერნატივო ტურისტული ინფრასტურქტურით შეცვლა უმუშევრობას და საკუთრების დაკარგვას ნიშნავდა.

არა მარტო რეგიონებში, არამედ ქალაქის ზონებშიც ადგილი ჰქონდა შენობების დანგრევის ფაქტებს. ასეთი ფაქტების დიდი რაოდენობა სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა: მესაკუთრეებმა მერიის ბრძანება მათი კუთვნილი შენობების დანგრევის თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა დედაქალაქის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და შენობები დაანგრია.

კომიკური ფორმა მიიღო სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქალაქეთა საკუთრების „ნებაყოფლობით“ გასხვისების ფაქტებმა. ღამღამობით ნოტარიუსებს „მავედრებელი“ მოქალაქეების უსასრულო რიგი ედგათ, რომლებსაც თავისი საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემა „სწყუროდათ“. თუ ვინმე წინააღმდეგობის გაწევას გადაწყვეტდა, საქმეში მყისვე პროკურატურა ერთვებოდა და გაყალბებული პრივატიზაციის ან რაიმე სხვა საბაბით სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდა! ყველაზე მიჩქმალულია ფაქტები, როდესაც ნოტარიუსთან იძულებით მიყვანილი მოქალაქე თავისი საკუთრების უპატრონოდ აღიარებას ერთი მარტივი მიზეზის გამო ითხოვდა – კანონით, უპატრონო საკუთრება (მიტოვებული უძრავი ქონება) სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის...

განვაგრძოთ. საქართველოში ასიათასობით იპოთეკური მოვალეა. „იპოთეკური პირამიდები“ სხვისი საკუთრების მითვისების და საკუთარი მოსახლეობის პაუპერიზაციის სქემად იქცა. ამ სფეროში აუცილებელია გამოკვლეულ იქნეს მთელი რიგი მოვლენები და ქმედებები: იპოთეკური გადასახადის დადგენა, იძულებითი რეალიზაცია, ნოტარიუსის მიერ გაცემული აღსრულების ფურცლის კანონიერება და ა.შ. ხშირად შეიძლება გაიგონოთ: თუ ბანკიდან კრედიტი აიღე, ის უნდა დაფარო. ეს უდავოა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს გადახდისუუნაროებს ხდის, ბანკების მიერ გასაყიდად გამოტანილი საკუთრების მყიდველებიც ლიმიტირებული აღმოჩნდებიან. წრე შეიკრა, ეკონომიკა „ჩაკეტილია“...

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთმა წელიწადმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნაწილში, რომელიც იპოთეკურ ხელშეკრულებას, საგადასახადო კოდექსს, ნოტარიუსთა საქმიანობას და აღსრულების ფურცლების რეალიზაციას ეხება, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორდა და ამისი ახსნა მხოლოდ საზოგადოების უმნიშვნელო ინფორმირებულობით შეუძლებელია. როგორც ზემოთ ითქვა, ნოტარიუსების მეშვეობით საკუთრების გასხვისების გაფორმება მისი უპატრონობის აღიარების საფუძველი გახლდათ და ამგვარად იქმნებოდა მოქალაქეების ქონების „კონფისკაციის“ საბაბი.

იპოთეკური ბუმი სამშენებლო ბიზნესის განვითარებას უკავშირდება. პირებმა, რომლებმაც საკუთარი ქონება იპოთეკით დატვირთეს, შემდგომში, უმუშევრად დარჩენილებმა, ვალების გადახდა ვეღარ შეძლეს, თუმცა იპოთეკური მოვალეების დიდმა ნაწილმა გადახდილი პროცენტების ჯამით საწყისი თანხა დაფარა. ასეთ პირობებში ბანკებს ჩამორთმეული ქონების გაყიდვა არ შეუძლიათ, რამდენადაც საყოველთაოდ უმუშევარი მოსახლეობა – გადახდისუუნაროა.

ქართულ მედიაში თითქმის არ აისახა ინვალიდების და უმწეო ადამიანების მიმართ იძულებითი აღსრულების ტრაგედია, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ. კიდევ უფრო დაუცველი აღმოჩნდა ფსიქიკურად არასრულფასოვანი და არასრულწლოვანი მოქალაქეების საკუთრება. მეურვეები სხვადასხვაგვარი მაქინაციების მეშვეობით სამეურვეოებს საცხოვრებელს და საარსებობო საშუალებებს ართმევდნენ! ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის სწორედ ამ სფეროში უიმედო ვალები უნდა ჩამოიწეროს. თუმცა, ვფიქრობ, ამ საკითხების პროფესიონალი ეკონომისტების მიერ შეფასება უფრო საინტერესო იქნება. მე კი შემიძლია აქვე დავძინო, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი მაგალითები უკევ არსებობს.

სამწუხაროდ, საკუთრების ფორმების დარღვევები ამით არ ამოიწურება. შევჩერდებით კიდევ ერთი სამართლებრივი მექანიზმის პრაქტიკულ გამოყენებაზე. ლაპარაკია კერძო მესაკუთრეებთან საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტაზე. მაშ ასე, მეიჯარე, რომელმაც ფართობი დაიქირავა, საკუთარი ხარჯით აკეთებს კაპიტალურ რემონტს და მთლიანად ასრულებს საიჯარო ვალდებულებებს. მაგრამ მას ბანკიდან აღებულ კრედიტებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ექმნება.

შემდეგი ნაბიჯი – ქონების დაყადაღება და ღია აუქციონზე მისი რეალიზაცია. სააუქციონო მაქინაციები ცალკე თემაა. ქვეკანონიერი აქტების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიღებულია, და მიღებულია იმგვარი ფორმით, რომ აუქციონის წაგებულმა მონაწილემ შესაძლოა სერიოზული თანხა დაკარგოს (აუქციონის მომსახურებაზე აღარაფერს ვამბობთ) ვითომდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოხსენებული აქტების გაუქმების ან შეცვლის შესახებ მე არაფერი მსმენია. ამიტომ მოცემულ სფეროში სახელმწიფო რეკეტის სისტემა უნდა შეიცვალოს.

გადასახადების ამოღებასთან ბრძოლა – გადაუდებელი საქმეა, მაგრამ ის კანონის დარღვევით არ უნდა განხორციელდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადახდისგან სისტემატურად თავის არიდების გამო მესაკუთრეს მისი საკუთრებით სარგებლობას უკრძალავდნენ ან წილს ართმევდნენ, სასამართლო კი შემდგომში ადასტურებდა, რომ ბოროტად გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. შედეგი – საწარმოს პარალიზება ხალხს და ბიუჯეტს აზარალებს. აქციების სავალდებულო გამოსყიდვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აქციონერის სამართლებრივი დაცვის საშუალება კანონმდებლობაში უწინდებურად „თეთრ ლაქად“ რჩება.

არ შევეხები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების (ავტორობა, დაპატენტება, სავაჭრო ნიშანი, საფირმო სახელწოდება, „ნოუჰაუ“, ინტეგრალური სქემები და სხვ.) არამართლზომიერი გამოყენების საკითხებს, რომლებიც სულ უფრო ხშირად ხდება განხილვის საგანი. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარბევის შემდეგ (რომელსაც რეფორმა უწოდეს!) მატერიალურ ქონებასთან ერთად ინტელექტუალური საკუთრებაც გაანადგურეს. ექსპერტთა შეფასებით, ინტელექტუალური პროდუქტის არასათანადო იურიდიული გაფორმების და მისი არასწორი მართვის დროს მოგების ნაცვლად ზარალს ვიღებთ. დღეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შეფასების კრიტერიუმები არ არსებობს, ამ სფეროში შესაბამისი ფინანსური რეზერვების ამოქმედება არ ხერხდება, თუმცა რეზერვის ამოქმედების შემთხვევაშიც კი არასწორი მართვის რისკი მაღალია.

მაგალითად, მეცნიერების და განათლების განვითარებისთვის გამოიყოფა 140 მილიონის ოდენობით გრანტები. მათი ნაწილი პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გახსნაზეა გათვლილი. ხოლო ამგვარ სასწავლო დაწესებულებებს ხსნიან პირები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნიათ, საბოლოო ჯამში – ყველა, ვისაც მოესურვება. ამ მიზეზით განათლების სამინისტრომ ასეთი სტრუქტურების ავტორიზაციას სერიოზული ყურადღება უნდა დუთმოს.

P.S. მოსახლეობა სულგანაბული ადევნებს თვალს ახალი ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს. ჩვენ არ გვაქვს არარაციონალურად გამოსაყენებელი ფული, და არც დრო გვაქვს. მართალია, ახალ ხელისუფლებას სერიოზული მდგომარეობა აქვს, რადგან სააკაშვილის რეჟიმი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ხომ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ან სამინისტროებმა, თავიანთი უწყებების ფუნქციების ფარგლებში, საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა დაიწყონ ან საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგონ?!

კანონიერი მექანიზმების არარსებობა დარტყმის ქვეშ აყენებს მთავრობის ნებისმიერ კონსტრუქციულ წინადადებას, როგორც ეს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოხდა. რეესტრში რეგისტრირებული მიწათმფლობელების 25%–ს ვაუჩერი თვალითაც არ უნახავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის მიღებული აქვთ, რადგანაც ისინი სასწრაფოდ ჩართეს მიმღებთა სიაში!..

ვფიქრობ, ამ საკითხების ირგვლივ ფართო დისკუსია უნდა მოეწყოს, ხოლო დისკუსიის შედეგების მიხედვით წინადადებები მთავრობას გადაეცეს. საზოგადოებრივი მონიტორინგი, უდავოდ, ხელს შეუწყობს იმას, რომ საკუთრების დაცვის დასავლეთში წარმოშობილი სისტემა საქართველოშიც მისაღები და სასურველი გახდება.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი - საგანგებოდ საქინფორმში გამოსაქვეყნებლად

(გაგრძელება იქნება)