საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 1 აგვისტოს ედვარდ სნოუდენმა შერემეტიევოს აეროპორტი ჩუმად დატოვა და ვიდეომასალა, თუ როგორ გამოდის იგი აეროპორტის სატრანზიტო ზონიდან და ტაქსში ჯდება, ჯერ არავის უნახავს. სწორედ ასე აღწერა მისი გამგზავრება სნოუდენის ადვოკატმა და ნდობით აღჭურვილმა პირმა ანატოლი კუჩერენამ.
რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებში სწრაფად დაადასტურეს ფაქტი, რომ სნოუდენს ახლა უკვე შეუძლია რუსეთის საზღვრის გადაკვეთა.რუსეთის საიმიგრაციო ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა ზალინა კორნილოვამ ოფიციალურად შეატყობინა „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურს, რომ სნოუდენმა ლტოლვილის დროებითი სტატუსი მიიღო. სნოუდენი აღჭურვეს დოკუმენტით, რომლის თანახმად მას 1 წლის განმავლობაში შეუძლია რფ-ის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს.
ანატოლი კუჩერენამ შერემეტიევოში ჟურნალისტებს უჩვენა ზალინა კორნილოვას მიერ აღწერილი დოკუმენტი, რის შემდეგაც „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურს ინტერვიუ მისცა.
„ედვარდ სნოუდენმა რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო. ის ძალიან დიდხანს ელოდა ამას, ძალიან განიცდიდა, როცა შერემეტიევოს სატრანზიტო ზონაში იმყოფებოდა. დღეს ეს სიტუაცია განიმუხტა და იგი მადლიერია ყველასი, ვინც მხარში ამოუდგა. დღეს ის ჯერ არ არის მზად ჟურნალისტებთან შესახვედრად, რადგან უსაფრთხოების საკითხი მისთვის მნიშვნელოვანია. უახლოეს ხანში, როცა ის ადაპტაციის კურსს გაივლის, ამ შეხვედრის ორგანიზებას შევეცდებით“, - განაცხადა კუჩერენამ.