საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. კობა ქართულ პოლიტიკაში იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად და მას ძალიან ხშირად ლამაზი ფინტებიც გამოსდის ხოლმე, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კობა დავითაშვილის მიერ უმრავლესობის დატოვებას და აღნიშნა, რომ „კობა დავითაშვილი არ არის ჩვენი კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის კონკურენტი, ის უფრო სხვა კანდიდატების კონკურენტია“.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილისთვის კი დავითაშვილის წასვლა უმრავლესობიდან დასანანია.„ინფორმირებული ვარ მისი გადაწყვეტილების შესახებ. ამის ნიშნები იყო მანამდეც, რაც დასანანია“, – განაცხადა მარგველაშილმა.
თბილისის მერი გიგი უგულავას შეფასებით, დავითაშვილს სჩვევია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველი მერცხალი კობა დავითაშვილი იყო, ვინც მმართველი ძალის რიგები დატოვა“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, „არაერთ საკითხზე იყო უთანხმოება ბატონ კობასა და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებს შორის. არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელია კობა დავითაშვილი აღმოჩენილიყო უმრავლესობის გარეთ“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელის შეფასებით, კობა დავითაშვილის გადაწყვეტილება უმრავლესობიდან წასვლაზე არ არის გასაკვირი, რადგან ის სპეციფიკური ადამიანია.