პოლიტიკა
კობა დავითაშვილი: „ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და საპრეზიდენტო არჩევნებზე დიამეტრულად განსხვავებული პროგრამით გამოვალ!“

1-kobaსაქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. „ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილი განცხადებით, იგი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობა დავითაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან უმრავლესობასთან სისტემატური უთანხმოების გამო მიიღო.
„ახალაიას გამართლების დემოკრატიის გამარჯვებად გამოცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არაა დემოკრატიის ზეიმი. ეს არ არის ჩვენი მთავარი დაპირება, რომელიც შევასრულეთ. საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. მე ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხის, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. ესაა პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოჰაბიტაციაზე და "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" გაკეთებული გაუმართლებელი დათმობების გაუმართლებელი რეჟიმის მიმართ... ვინაიდან ჩვენ შორის ვხედავ სისტემატურ უთანხმოებას, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და ამ უთანხმოების გადაწყვეტას ვანდობ ქართველ ხალხს უახლოეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ვგეგმავ თქვენ მიერ გატარებული კურსისგან დიამეტრულად განსხვავებული პროგრამით გამოსვლას", - განაცხადა დავითაშვილმა.