პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
საქართველო, 1 აგვისტო,
საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ქსნის N15 და რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე
ეკა ბესელია, ამავე კომიტეტის წევრი
გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე
გიგა გიორგაძე ესტუმრნენ, მოშიმშილე მსჯავრდებულებმა უარი თქვეს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე და შიმშილობა შეწყვიტეს. ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატებთან ერთად სახალხო დამცველი
უჩა ნანუაშვილიც იმყოფებოდა.
ეკა ბესელია და გიგა გიორგაძე, რომელიც ამავდროულად ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც არის, მსჯავრდებულებს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების გადახედვას დაჰპირდნენ. ამასთან, პატიმრებმა ეკა ბესელიასგან საქმეების ინდივიდუალურად შესწავლის პირობა მიიღეს.
ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი მსჯავრდებული არ შიმშილობს.