სამართალი
სასამართლომ ბაჩო ახალაია გაამართლა

1-bacho-aniსაქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა. ბაჩ ახალაია, გიორგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, გაგა მკურნალიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი სასამართლომ გაამართლა. ბრალდებულების - ალექსანდრე გორგაძისა და ზურა შამათავას მიმართ წარდგენილი ბრალი კი გადაკვალიფიცირდა და სასჯელის სახით მათ 140 საათის ოდენობით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრათ. გიორგი კალანდაძეს, ალექსანდრე გორგაძესა და ზურაბ შამათავას შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუუქმდათ.

დღევანდელი ეპიზოდი სამხედროების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ეხებოდა. სასამართლოს განაჩენი სამართლიანად მიიჩნიეს ახალაიას ადვოკატებმა. მათი თქმით, დარჩენილი ორი ეპიზოდი, რომლებზეც ახალაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, დღევანდელ ეპიზოდზე სუსტია და იმედოვნებენ, რომ მოსამართლე იმ ეპიზოდებშიც გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს ბაჩო ახალაიას მამა როლანდ ახალაიაც, რომლის თქმითაც, „სამართალი დადის, არ ჩერდება, ურმით მიდის, მაგრამ მოვიდა აქამდე და მივა იქამდეც“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას – თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის 3 ეპიზოდზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ეს პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომლის შეფასებითაც, მოსამართლის გადაწყვეტილება სრულიად არაადეკვატური იყო.