საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. გორში სტალინის ძეგლს დააბრუნებენ და ის 2013 წლის 21 დეკემბერს - ბელადის დაბადების დღეს, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში, მისი ძველი სახლის წინ დაიდგმება.
ძეგლის დაბრუნების თხოვნით კულტურის სამინისტროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიმართა. სამინისტრომ ძეგლის გადაადგილების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორში სამუშაოების დაწყებას უახლოეს დღეებში აპირებენ.„რუსეთის მიერ დაბომბილ გორში სტალინის ძეგლის აღდგენა სულში ჩაფურთხებაა დაღუპული ქართველებისა და თავიანთი სახლებიდან გამოყრილი ადამიანებისთვის“, – ასე შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ ივანიშვილს მოუწოდა, „გადახედოს ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას“.
იმავე აზრისაა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, რომელიც პრემიერს მოუწოდებს, საქართველოს ქალაქებში ჯალათის ძეგლი არ დააბრუნოს, რადგან ეს მისი ხსოვნის განდიდება იქნება, რაც ყველა რეპრესირებულის შეურაცხყოფაა.
თავის მხრივ, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ სტალინის ძეგლის გორში დაბრუნების საკითხი კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი არაა და ამ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტი იღებს.
„ეს საქმე კულტურის სამინისტროს გადასაწყვეტი არ არის, თუმცა პრინციპულად ვაცხადებ, რომ ძეგლი ძველ ადგილზე არ დაბრუნდება. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიქნებით”, – განაცხადა მან.