საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ბოლო წლებში რუსეთიდან წარმატებით ფულის გატანა მხოლოდ ორმა ადამიანმა მოახერხა – რომან აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„როდესაც დღეს შენი ქვეყნის ოკუპანტზე ლაპარაკობ, რომ პუტინი არის კარგი კაცი, მას ქართველებისთვის სიკეთე უნდა, თვალებში ცრემლები ადგება, როდესაც საქართველოს ახსენებ და ასე შემდეგ, ეს ძალიან ჰგავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, საქართველოს შემადგენელ სამარცხვინო ნაწილს, რასაც ქართულ ენაზე ქვია ღალატი", - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის მეთაურმა ილაპარაკა ასევე გორში სტალინის ძეგლის აღდგენაზე.
„იოსებ სტალინმა ჩამოაჭრა საქართველოს საუკეთესო მიწები და გადასცა ის სხვა საბჭოთა ქვეყნებს. იოსებ სტალინმა შექმნა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომია, ის ნაღმები, რომლებიც ჩვენ აგვიფეთქდა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად. სტალინის ხელმოწერით დაიხვრიტნენ ქართველები და პოლონელები ერთად კატინში. იოსებ სტალინმა ჩაიდინა წარმოუდგენელი დანაშაულებები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა - ეს არის წარმოუდგენლად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ქმედება, რომელიც აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში“, - აღნიშნა მან და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, „გადახედოს ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას“.
სააკაშვილი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას საქმესაც და აღნიშნა, რომ გუნავას ციხეში ყოფნა დაუშვებელია და ის ხელს მოაწერს მისი შეწყალების აქტს.