პუბლიკაციები
ვალერი ხაბურძანია: „ცეერუს“ თანამშრომლები ეხმარებოდნენ „ნაცმოძრაობას“! როცა ვცადე, მათთვის მოწმობები ჩამომერთმია, რომლებითაც შედიოდნენ სახელმწიფო უშიშროების ყველა ქვედანაყოფში და დავალებებს აძლევდნენ, „საქმის გასარჩევად“ აშშ–ის ელჩი მომიყვანეს

1-analit-valeri-khaburzaniaსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმის კორესპონდენტი ამჟამად მოსკოვში მყოფ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, ვალერი ხაბურძანიას დაუკავშირდა.

- ბატონო ვალერი, საზოგადოება უაღრესად გააკვირვა სააკაშვილის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს-ში ამერიკული სპეცსამსახურის წარმომადგენლები ისხდნენ და მონიტორებით ადევნებდნენ თვალს მიტინგის დარბევას. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება?

- პრეზიდენტისგან ასეთი განცხადების გაკეთება არცერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. თუ ეს სიცრუეა - მითუმეტეს, ხოლო თუ სიმართლეა - ასეთ „სიმართლეს“ ადგილი არ უნდა ჰქონოდა და სააკაშვილმა, შესაძლოა, შეცდომა დაუშვა, როცა FBI ახსენა.  წარმოუდგენელია, FBI უცხო ქვეყანაში მსგავსი საქმეებით იყოს დაკავებული. შესაძლოა, ის ამერიკელები, რომლებიც 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდნენ, იყვნენ სადაზვერვო სამსახურის CIA-ს  თანამშრომლები (ე.წ. „ცეერუ“ - საქინფორმი),  რომლებიც საქართველოში ოფიციალურად მუშაობენ.  ჩემი ინფორმაციით, თუ საქმე კრიმინალს არ ეხება, FBI ქვეყნის გარეთ საერთოდ არ ერევა ამგვარ საკითხებში. ეს ყველაფერი უფრო CIA-ის კომპეტენციაა. მათ ფუნქციას წარმოადგენს ასეთ საკითხებზე კონსულტაციებიც და შეფასებებიც.

- თქვენ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავს შემთხვევას უშიშროების მინისტრის პოსტზე თქვენი მუშაობის დროსაც ჰქონდა ადგილი. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, „ვარდების რევოლუციის“ დროს უცხო ქვეყნის რომელი სამსახურის თანამშრომლებს ჰქონდათ თქვენთან კონტაქტი და რას ითხოვდნენ?

- როგორც აღვნიშნე, ასეთ ფაქტს ჩემი მინისტრობის დროსაც ჰქონდა ადგილი. „ვარდების რევოლუციის“ დაძაბულ დღეებში, პრაქტიკულად, ყოველდღე მოდიოდნენ ჩემთან ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები. ჩვენ მანამდეც ვთანამშრომლობით ამ უწყებასთან, თუმცა ამ დღეებში მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, იმ თვალსაზრისით, რომ ისინი გამოხატავდნენ მხარდაჭერას ოპოზიციის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - საქინფორმი) მიმართ.

ჩვენი სამინისტროს მიმართაც მათი მოთხოვნები მდგომარეობდა იმაში, რომ არ გამოყენებულიყო ძალა პროტესტანტების მიმართ. სადაზვერვო სამსახური „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ღიად უჭერდა მხარს.

ერთხელ მე ვცადე, მათთვის მოწმობები ჩამომერთმია, რომლებითაც უნებართვოდ შედიოდნენ სახელმწიფო უშიშროებისადმი დაქვემდებარებულ ყველა ქვედანაყოფში და ჩემს თანამშრომლებს ეკონტაქტებოდნენ, მეტიც – ხშირად პირდაპირ აძლევდნენ მათ  დავალებებს! მაგრამ ამან ჩემ მიერ ნახსენები „ცეერუს“ რეზიდენტის ისეთი მრისხანება გამოიწვია, რომ მან „საქმის გასარჩევად“ თვით აშშ–ის ელჩი მომიყვანა!

შეიძლება პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, სენატორებმა, ელჩებმა საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სახის  რჩევები მისცენ, მაგრამ როცა სპეცსამსახურები ერევიან ასეთ საქმეებში, მე ვფიქრობ, ეს უკვე ნორმალური არ არის...

- ბატონო ვალერი, „საქინფორმის“ მთავარმა რედაქტორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნებით სააკაშვილი შეეცადა, ერთგვარად დაეშანტაჟებინა აშშ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მე ვუშვებ ორ შესაძლებლობას: პირველი - რომ სააკაშვილს მართლაც წამოსცდა ეს ინფორმაცია, როგორც არაერთხელ წამოსცდენია ბევრი რამ; და მეორე - შესაძლოა, მან მართლაც დააშანტაჟა ამერიკელები იმ შესუსტებული მხარდაჭერის გამო, რომელიც მას ამჟამად აქვს აშშ-სგან.

- კეთილი. თქვენს პოლიტიკურ გეგმებზე ვისაუბროთ, რას აპირებთ ახლო მომავალში?

- უახლოეს მომავალში, გარდა ინდივიდუალურისა, სხვა სახის აქტიურობას არ ვგეგმავთ. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. შემდეგ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელზეც ვფიქრობთ... ამჟამად მკაფიოდ დასახული მიზანი გვაქვს – საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, თუმცა შესაძლოა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივიღოთ მონაწილეობა.

- რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს,  ოპოზიცია აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ქვეყანაში არ არის დემოკრატიული საარჩევნო გარემო. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? იქნება თუ არა ამ არჩევნებში გადამწყვეტი კვლავ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი?

- რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ოქტომბერშიც გადამწყვეტი იქნება. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ვფიქრობ, ბევრი რამ არის შესაცვლელი. როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იყო, ისინი აკრიტიკებდნენ ამ საარჩევნო გარემოს, მაგრამ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ კრიტიკის ადეკვატური ცვლილებები არ მომხდარა. ბუნებრივია, თუ ეს საარჩევნო გარემო არადემოკრატიული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის არადემოკრატიულია ახლაც.

საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა შეიქმნას ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც გამორიცხავს გაყალბებას. ამ კუთხით ძალიან ეფექტიანია ელექტრონული სისტემის შემოღება. ეს 10-დან 20 მილიონამდე ლარს მოითხოვს, რის გადახდაც, ვფიქრობ, ივანიშვილის მთავრობისთვის დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ეს მეტწილად პარტიებზეა დამოკიდებული - ვინ უფრო დიდი აქტიურობით ჩაატარებს მას.

- თქვენ როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

- მე შეიძლება შვებულებით ჩამოვიდე მცირე ხნით, დასასვენებლად.