პოლიტიკა
„ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის დებატებში მონაწილეობის მიღება, უბრალოდ, სასურველია, რომ რომელიმე კანდიდატმა ნებართვების გაცემა არ დაიწყოს, უნდა შედგეს დებატები თუ არა და როგორ უნდა ჩატარდეს საერთოდ წინასაარჩევნო პროცესი.
საზოგადოებას უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ მოისმინოს, რას ჰპირდებიან მას ძირითადი საპრეზიდენტო კანდიდატები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და იქვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაუმკლავდა „ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიას.
„მან გაურკვეველი კოჰაბიტაციის წყალობით მკვდარი და ქართული საზოგადოების მხრიდან მართლაც პოლიტიკურ სამარეში ჩაგდებული „ნაციონალური მოძრაობა“ ამოიყვანა სამარიდან და დღეს მოსახლეობას კიდევ ნერვებს უშლის იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დემაგოგიას ასმენინებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „მახინჯი კოაბიტაცია დამთავრდება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს იმას, რასაც სამართლებრივი და დემოკრატიული ქვეყნის პირობებში იმსახურებს.