საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ა.წ. 26 ივლისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 40–50–მა მცხოვრებმა ქალაქ ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც გამომსვლელებმა ცალკეული თანასოფლელები მიწის ნაკვეთების მიტაცებაში დაადანაშაულეს, – იუწყება რუსეთის ჯავახკის დიასპორა.
აქციის მონაწილეთა თქმით, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მათმა თანასოფლელებმა კარენ მკრტჩიანმა და მარტიროს აგაიანმა იჯარით აიღეს დაახლოებით 600 ჰა მიწა და გლეხები ამ ტერიტორიის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ. ახალმა მიწათმფლობელებმა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს აღნიშნული ტერიტორიით სარგებლობა აუკრძალეს. ადგილობრივები ამას უკანონოდ მიიჩნევენ და მათთვის მიწის ნაკვეთების დაბრუნებას მოითხოვენ.ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა გაგიკ გარსლიანმა აღნიშნა, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთ ადამიანზე – მარტიროს აგაიანზეა რეგისტრირებული, რომელსაც ის 2001 წელს აქვს პრივატიზებული და ამ მიწის მფლობელია, რისთვისაც სახელმწიფოს გადასახადს უხდის, ხოლო მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები მთელი ამ ხნით განმავლობაში ამ მიწით უკანონოდ სარგებლობდნენ.
ახალციხეში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სამცხე–ჯავახეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა ვერ შეძლეს, მაგრამ მოგვიანებით ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალქალაქში შეხვდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გელა დემეტრაძემ აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის უფლებამოსილება სამხარეო ადმინისტრაციას არ გააჩნია.
სოფელ ფარვანას მცხოვრებთა თქმით, მანამდე მათ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს, მაგრამ იქ უპასუხეს, რომ ამგვარი საკითხებით მხარის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. სოფლის მცხოვრებთა თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად ისინი უახლოეს ხანებში სასამართლოს მიმართავენ.