„ნაცმოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში 7 ფრაქცია შექმნა
საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში 7 ფრაქცია შექმნა, რომლებშიც 3-3 დეპუტატი გაერთიანდა და ახლა ის ყველაზე მრავალფრაქციულია. თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს გადაწყვეტილება გარკვეული პრივილეგიებისთვის მიიღო.
„მე ვფიქრობ, 7 ფრაქცია შექმნეს იმისთვის, რომ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლონ. როგორც წესი, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ აპარატმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილით, საწვავით. ფრაქციების გარდა „ნაციონალურ მოძრაობას“ პოსტი საკრებულოში არ რჩება“, – განაცხადა დავით ჯინჭარაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თამაზ შოშიაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მიიღო. „ქართულ ოცნებას 5 ფრაქცია და 19 თანამდებობა აქვს, ჩვენ მხოლოდ 7 ფრაქცია შევქმენით, რათა გვქონდეს გამოსვლების საშუალება და ბიუროზე ხმის უფლება. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე არის ეს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა შოშიაშვილმა.