ზუგდიდის რაიონში შსს–მ დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა
საქართველო, 29 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონში
მოქმედი, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და ძალადობის გამოყენების მუქარით დიდი ოდენობით ფულის გამოძალვაში ეჭვმიტანილ პირთა ჯგუფი დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 20 მაისს გალის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს ყაჩაღურად თავს დაესხა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 6 პირი, რომლებმაც სახლიდან გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ძვირფასი ნივთები და მძევლად აიყვანეს ოჯახის ერთი წევრი, ხოლო გატაცების შემდეგ მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა 60 000 აშშ დოლარის ოდენობით. ოჯახის მხრიდან 20 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ მძევალი გაათავისუფლეს.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2013 წლის 26 ივლისს ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს ხსენებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბ. თ.ჭ., რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა გამოძალული თანხის ნაწილი და მძევლის ნივთები, ასევე მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდითა და რვა ვაზნით; 1979 წელს დაბ. რ.ე., რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა გატაცებული პირის ოჯახისაგან გამოძალული თანხის ნაწილი და ნარკოტიკული საშუალება; 1978 წელს დაბ. ჭ.ნ., რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს გამოძალული თანხის ნაწილი, ხოლო მის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული ჯგუფის სხვა წევრთა დასაკავებლად და მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ფაქტების დასადგენად. გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს მთავარი საგამოძიებო სამმართველო.