პოლიტიკა
კონდოლიზა რაისი ბიძინა ივანიშვილის კონსულტანტი გახდება

1-kondolizaსაქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ექს-სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა „ქართული ოცნების“ მთავრობას დახმარება შესთავაზა, რათა ახალი ხელისუფლება „უკეთ გაერკვეს ვაშინგტონის კონიუნქტურაში“.

რაისის შეხვედრა ქართველ წარმომადგენლებთან სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნიის შტატი) შედგა, სადაც იგი პოლიტოლოგიის პროფესორად მუშაობს.

„ეს ძალიან კარგი, თბილი მოლაპარაკება იყო, - მოუთხრო „იზვესტიას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ, - მისი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენების ინიციატივა თავად რაისისგან მოდიოდა“.

ჯაფარიძის გარდა ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ელჩი არჩილ გეგეშიძე და დეპუტატი თინათინ ხიდაშელი.

„რაისი მხარდაჭერას შეგვპირდა და რაღაცები უკვე გვირჩია რეგიონული უსაფრთხოებისა და რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

კონკრეტულად რა ფორმებს შეიძენს ეს თანამშრომლობა, ამ კვირის ბოლოს, ქართული დელეგაციის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა. „ქართული ოცნება“ შეშფოთებულია იმით, რომ ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ დასავლეთში ოპონენტებს დამახინჯებული სახით მიეწოდებათ.

„ძნელია რაისზე უკეთესი მოღვაწის პოვნა, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციას დაეხმარება, უკეთ გაერკვეს საქართველოს ამჟამინდელ სიტუაციაში, - განუცხადა „იზვესტიას“ საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა, - ადგილი არ ექნება არავითარ შიდაპარტიულ მოტივაციას, ანუ რაისის აზრი ფასეული იქნება როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელებისათვის“.

მისივე თქმით, კონდოლიზა რაისმა კარგად იცის, რა ხდებოდა საქართველოში ბოლო წლებში. 2008 წლის ომის 5 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა გაიხსენა რაისის ძალისხმევა კონფლიქტის თავიდან აცილების საქმეში. სამწუხაროდ, უწინდელმა ხელისუფლებამ აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის გაფრთხილება ყურად არ იღო.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, „მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ისიც, რომ რაისი გახსნილი იქნება არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მედიისთვისაც“.

წყაროებმა ქართული დელეგაციის შემადგენლობიდან „იზვესტიას“ აცნობეს, რომ  ოკეანის გაღმა შეხვედრებზე - მათმა რიცხვმა კი 50 შეადგინა სხვადასხვა დონეზე - ლაპარაკი მიხეილ სააკაშვილის ბედზე, რომლის საპრეზიდენტო უფლებამოსილება ოქტომბერში იწურება, პრაქტიკულად არ ყოფილა. საუბარი ეხებოდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და მართლმსაჯულების გამჭვირვალობას.

ოთხი წლის წინ ვაშინგტონმა და თბილისმა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გააფორმეს, თუმცა დღეს „ქართული ოცნება“ ერთობ  შეშფოთებულია იმით, რომ სააკაშვილი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში აშშ-სთან ურთიერთობას ზიანს აყენებს.

ფოტოზე: პრეზიდენტის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში სტივენ ჰედლი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.