პოლიტიკა
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ
Ballotსაქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომებზე  დღეს საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებზეც იმსჯელებენ, რომელთა თანახმად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. 
ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ლაპარაკია 90 000-ზე მეტ ამომრჩეველზე. ცვლილებებით, კოდექსს სპეციალური მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ამომრჩეველი, რომელიც მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა, 27 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის და ამ შემთხვევაში იგი თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან. პროექტის თანახმად, პირი არ თავისუფლდება დადგენილი მომსახურების საფასურისაგან, თუ ის ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.