სამართალი
„მე ვესაუბრე გამომძიებელს, რომელმაც მითხრა, რომ ხელნაწერის ნიმუში უნდა აუღონ და დაადასტურონ, მისი დაწერილია თუ არა ჩვენება. ჩვენება რომ მისი დაწერილია, ამას არც უარყოფს ბატონი მამუკა, აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა ზეწოლის შედეგად მოხდა მის მიერ ამის დაწერა", - განაცხადა ივანიაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალას, ნიკოლაიშვილის განცხადებით, აღნიშნული მასალა უკანონოდ არის მოპოვებული, რადგან „როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერით შედის ადამიანი, რომელსაც არანაირი ნებართვა ამის არ აქვს, ეს არის უკვე დანაშაული. პროკურატურას იმდენად გაუჭირდა, რომ იძულებული გახდა, მისი ეს უკანონო ქმედება გაესაჯაროვებინა”.
წუხელ მოწმის სტატუსით დაკითხეს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კითხვები სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს "მექანიზატორის" საქმესთან დაკავშირებით დაუსვეს. ამასთან, კირვალიძემ დაკითხვის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, ხოლო მამუკა ივანიაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის შესახებ კითხვები არ დაუსვამთ.