შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველო, 23 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
რევაზ კარალიძე და ქრთამის აღებაში დამხმარე პირი – საქართველოს მოქალაქე.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რევაზ კარალიძემ, რომელიც ამავდროულად იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მისივე თანამზრახველთან წინასწარი შეთანხმებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ე.წ. ეკოპლაჟის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მდებარე 6000 კვ.მ ფართობის მიწის მასივის გასხვისებისა და შეღავათიანი საინვესტიციო პირობის დაწესებაში თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა 120 000 ლარი. მოლაპარაკების პროცესში კარალიძემ და მისმა თანამზრახველმა მიწის შესყიდვით დაინტერესებულ პირს აღნიშნული თანხიდან ავანსის სახით წინასწარ გამოართვეს 30 000 ლარი, რა დროსაც ორივე მათგანი ქრთამის აღების ფაქტზე სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.