ჟურნალ „ნაციონალური თავდაცვის“ მთავარი რედაქტორის იგორ კოროტჩენკოს აზრით, საქმე ეხება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერენც-ლაბორატორიას“, რომელიც „აშშ-ის ქვეითი ჯარების ინფექციური დაავადებების სამედიცინო გამოკვლევების ინსტიტუტისა და საქართველოს ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა“.
ექსპერტის თქმით, ლაბორატორიას, რომელშიც აშშ-მა 100 მლნ დოლარზე მეტი დააბანდა, ხელმძღვანელობს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, რაც იმას მოწმობს, რომ აღნიშნული ლაბორატორიის ერთ-ერთი მიმართულება სამხედრო მიკრობიოლოგიაა.
„არ გამოვრიცხავ, რომ იქ შესაძლოა მიმდინარეობდეს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და კულტურების დაავადებათა გამომწვევი და, ასევე, ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიში ვირუსების შესწავლასთან დაკავშირებული სამუშაოები“, - განაცხადა კოროტჩენკომ და დასძინა, რომ „აუცილებელია მოხდეს იქ მიმდინარე სამუშაოების განსაიდუმლოება და ეს საკითხი რუსეთმა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე უნდა დააყენოს“.
ანალიტიკოსი ასევე საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნულ ლაბორატორიაში „მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ვირუსოლოგებისა და მიკრობიოლოგების საერთაშორისო ინსპექციის გაგზავნას, რომლებიც იქ მიმდინარე გამოკვლევებსა და მასალებს გაეცნობიან“.
კოროტჩენკოს აზრით, ამ ლაბორატორიის საქმიანობას „აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამიტომ საქართველოს ამჟამინდელმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოცემული ობიექტის ნამდვილი ამოცანებისა და მიზნების გამოსააშკარავებლად გამოიძიება უნდა ჩაატაროს“.
ამ კვირას „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, რფ-ის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობას აგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიკრობიოლოგიური ლაბორატორია. მან ასევე აღნიშნა, რომ ღორების აფრიკული ჭირი, რომელმაც რუსეთის რეგიონებში საქონლის დაცემა გამოიწვია, რუსეთში საქართველოდან მოხვდა. ამის პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს კავშირს რუსეთში ღორების აფრიკული ჭირის გაჩენასა და საქართველოს ბიოლაბორატორიას შორის. ამასთან, აბაშიძემ აღნიშნა, რომ „რუს მეცნიერებს, სპეციალისტებსა და ექსპერტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოინახულონ ლაბორატორია და მის ხარისხში დარწმუნდნენ“.