პოლიტიკა
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგატებს კვერცხები დაუშინეს

batumiსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ბათუმში სასტუმრო „შერატონთან“ შეკრებილი აქციის მონაწილენი პრაიმერიზის ჩასატარებლად ჩასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ კვერცხებისა და ქვების სროლით დახვდნენ. აქცია „შერატონთან“ დელეგატების შეკრებამდე ნახევარი საათით ადრე დაიწყო.

როგორც გაირკვა, კვერცხის მსროლელი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგოძეა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად არის დარეგისტრირებული. იგი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, შემდგომ კი სასამართლომ ის ასლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შემდგომი ექსცესების თავიდან აცილების მიზნით ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება მოხდა.

რაც შეეხება თავად "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზს, მის მეხუთე ტურშიც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. 
პრაიმერიზში ბაქრაძის გარდა გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურა ჯაფარიძე მონაწილეობენ.

ბოლო კონფერენცია პრაიმერიზის ფარგლებში 27 ივლისს, თბილისში გაიმართება.