შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიციელი, რომლებმაც პრაიმერიზის მონაწილეებისათვის სპეციალური კორიდორი მოაწყვეს, აქციის მონაწილეებს კი ცოცხალი ჯაჭვით აკავებდნენ. დელეგატები შენობაში კორიდორის მეშვეობით შევიდნენ. აქციის მონაწილეებს კი შენობაში შეღწევის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
"სამეგრელო საბოლოოდ ეუბნება არას "ნაციონალურ მოძრაობას", ეუბნება არას შიშს, გაუპატიურებას, ეუბნება არას ღირსების აყრას. ჩვენ ვართ თავისუფლების და ღირსების მომხრე. ჩვენ მოვიპოვეთ ეს თავისუფლება და ღირსება და ამას არ დავთმობთ", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელმა კახა მიქაიამ.
„მე ვისურვებდი, რომ საქართველო წასულიყოს სწორედ ცივილური და ნორმალური შეჯიბრის, საზოგადოების დამშვიდებისა და გამთლიანების მიმართულებით და ის უბედურება, რომელიც გვჭირდა 90-იან წლებში, როდესაც ხელისუფლების წაქეზებით და ხელდასმით საზოგადოების ცალკეული ჯგუფები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ქვებს ესროდნენ, სამუდამოდ ჩაგვეტოვებინოს იმ 90-იანებში“, - განაცხადა პრაიმერიზში გამარჯვებულმა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელსაც დარბაზმა გამარჯვება აპლოდისმენტებით მიულოცა.