საზოგადოება
ზაალ კასრელიშვილი: „უნდა დადგინდეს, ვის რა დანაშაული აქვს ჩვენი ერებისა და ისტორიის წინაშე!“

kasrelishvili-zaalსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი აფხაზებსა და ოსებთან ერთად სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში 19 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, კომისიის ძირითადი ფუნქცია 1990-იანი წლების ომამდელი პერიოდის ქართულ და აფხაზურ მხარეთა რიტორიკის, ომის დაწყების მიზეზებისა და ომის დროს ორივე მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების შესწავლა იქნება.

„მოგმართავთ დებო და ძმებო, აფხაზებო, და დებო და ძმებო, ოსებო, შევქმნათ ერთობლივი საგამოძიებო კომისია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური, რომელიც დამოუკიდებელ რეჟიმში იმუშავებს, გაუცვლის ერთმანეთს ინფორმაციებს. გამოძიება და სიმართლის დადგენა, ვინ რა ხარისხით იყო დამნაშავე, რომელ სახელსა და გვარს რა დანაშაული აქვს ჩვენი ერებისა და ჩვენი ისტორიის წინაშე, ეს უნდა დადგინდეს“, - განაცხადა კასრელიშვილმა.