პუბლიკაციები
„მოხარული ვიქნები, თუ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება მექნება!“ - ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა ნაზრანში საქართველოს დელეგაციას განსაკუთრებული პატივით უმასპინძლა და საქინფორმის კორესპონდენტს გაესაუბრა

inguS-mtსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ა.წ. 25-27 ივნისს ინგუშეთში, ქალაქ ნაზრანში, ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი „სტუდენტური გაზაფხული კავკასიაში“ («Студенческая весна на Кавказе») გაიმართა, რომელშიც 500-მდე მედიის წარმომადგენელი და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მონაწილეობდა. ფესტივალზე რუსეთის 15 რეგიონის გარდა მიწვეული იყვნენ სტუდენტები  საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო მკითხველისთვის კარგად ცნობილმა საქინფორმის ჟურნალისტმა ნატა წერეთელმა.

აღნიშნული ფესტივალი რუსეთში ყოველწლიურად ტარდება. 2012 წელს სწორედ ინგუშეთმა მოიპოვა ღონისძიების ჩატარების უფლება და 2013 წელს ფესტივალს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობითა და მონდომებით უმასპინძლა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობა და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ახალგაზრდული კავშირი“.

რეგიონებიდან ჩასულ სტუმრებს ჯეირახის რაიონში (სამთო კურორტი) სასტუმრო „არმხიმ“ უმასპინძლა.

25 ივნისს, სასტუმროში დაბინავების შემდეგ, დელეგაციების გაცნობითი საღამო გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ქვეყნების „სავიზიტო ბარათები“ წარმოადგინეს - ზოგმა კერძებით, ზოგმა სიმღერით, ეროვნული ცეკვით და ა.შ.

ფესტივალის პროგრამაში, რომლის მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის და რეგიონის სტუდენტებს შორის კულტურული ურთიერთობის დამყარება და კავკასიის ქვეყნების ახალგაზრდული ორგანიზაციების მომავალი თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, მიმდინარე წელს შეტანილი იყო საქმიანი, სპორტული და ეროვნული თემატიკა. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში 26 ივნისს ფესტივალის სტუმრებისთვის მოეწყო ექსკურსია, რომლის დროსაც ახალგაზრდებმა ინგუშეთის რესპუბლიკის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ძნელია, გულგრილი დარჩე ინგუშეთის მთების, ხეობების, მდინარეების და ტყეების ხილვისას, რომლებიც ძალიან ჰგავს საერთოკავკასიურს, თუმცა თავისი ინდივიდუალურობით მაინც გამორჩეულად ლამაზია. ამ სილამაზით მოხიბლულ სტუდენტებს არ გასჭირვებიათ, ღია ცის ქვეშ, ბუნებაში, საკუთარი ეროვნული ცეკვები კიდევ ერთხელ შეესრულებინათ. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ერთმანეთის ეროვნული ცეკვების ილეთებს არ ფლობდნენ - ცეკვავდა ყველა, განურჩევლად.

ექსკურსიის ფარგლებში ინგუშეთის მთებში რამდენიმესაათიანი გადაადგილების შემდეგ ქართული დელეგაციისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლის თხაბა იერდის (ტყობა-ერდი) მონახულება. ნაგებობა მოიცავს ოთხ ძირითად სამშენებლო ფენას, რომელთაგან პირველი - IX-X, ხოლო უკანასკნელი XV-XVI საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი ქართველმა მისიონერებმა ვაინახურ ტომებში ქრისტიანობის განსამტკიცებლად ააგეს. ადგილობრივების ინფორმაციით, 2012 წელს ტაძრის მოსანახულებლად ინგუშეთში ჩასული იყო რუსეთის სამეფო გვარის - რომანოვების შთამომავალი და ეკლესიაში წირვა აღევლინა.

გარდა ამისა, ექსკურსიის მონაწილეებმა ინგუშთა უძველესი კოშკები დაათვალიერეს, მათ შორის იყო ორი ნაგებობა, სახელწოდებით „ვოვნუშკი“, რაც საომარი მოქმედებების ადგილს ნიშნავს. მსურველებმა სპეციალური სამსახურის თანამშრომლების დახმარებით კოშკში შესვლაც მოახერხეს.

ფესტივალის დასასრულს, 27 ივნისს, ინგუშეთის ტელევიზია „მაგასის“ ოფისში გაიმართა მედიასაშუალებათა წარმომადგენლების შეხვედრა ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ იუნუს-ბეკ ევკუროვთან. რესპუბლიკის ხელმძღვანელი 1 საათის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს.

საქინფორმის კორესპონდენტ ნატა წერეთლის შეკითხვაზე - როგორ აფასებს  ინგუშეთის პრეზიდენტი ევკუროვი საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგების მცდელობას? - რესპუბლიკის ხელმძღვანელმა გვიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რაც მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის, ეს ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს და  სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობა გაგრძელდეს, მაგალითად, ეკონომიკური კუთხით. იუნუს-ბეკ ევკუროვი დადებითად აფასებს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას და მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ ურთიერთობის დაწყების მაგალითი უნდა მისცეს საკუთარ ხალხს.

პრესკონფერენციის შემდეგ მედიის წარმომადგენლები და ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ქ. ნაზრანში, საზაფხულო ამფითეატრში გალა კონცერტს დაესწრნენ. საღამო რამდენიმე საათს გაგრძელდა - სტუდენტებმა 30-მდე საკონცერტო ნომერი შეასრულეს. დასასრულს გამოვლენილი იქნა 10 საუკეთესო ნომერი და გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

გალა კონცერტის შემდეგ ინგუშეთის ხელმძღვანელმა საქართველოს და აზერბაიჯანის დელეგაციები არაფორმალურ გარემოში სუფრასთან მიიწვია და მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის: „მინდა მადლობა გითხრათ ჩამობრძანებისა და იმ სიხარულისთვის, რაც მოგვანიჭეთ თქვენი თვითმყოფადი კულტურის ჩვენებით. სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს ერთი სისხლი გვაქვს და უნდა განვაგრძოთ ურთიერთობა, მიუხედავად ეროვნებისა და წარსულის „შავ-თეთრი ხაზებისა!“, - მიმართა იუნუს-ბეკ ევკუროვმა ქართულ დელეგაციას. მისი განცხადებით, მოხარული იქნება, თუ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ექნება. ბატონმა ევკუროვმა ქართველი და ინგუში ხალხების ურთიერთპატივისცემას და საერთო ღირებულებებსაც გაუსვა ხაზი.

არაფორმალურმა გარემომ და ბატონი ევკუროვის იუმორის გრძნობამ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს ბევრი დეტალის გაგების საშუალება მისცა, მაგალითად, იმის, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელს ქართული კერძებიდან განსაკუთრებით ხაჭაპური უყვარს!

გარდა ამისა, შეხვედრაზე საგანგებო განსჯის საგანი გახდა ის თემა, რომ დღეს ქართული პოლიცია არაკორუმპირებულია. პრეზიდენტმა ევკუროვმა ღიმილით იკითხა - „ლეგენდები დადის, რომ საქართველოში პოლიცია ქრთამს არ იღებს, ეს როგორ მოახერხეთ, მართალია?!“.

დასასრულს ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ბატონ ევკუროვს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისათვის და საქართველოშიც დაპატიჟეს.

საქინფორმი გთავაზობთ მოკლე ინტერვიუებს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან.

ანასტასია მახნაკოვა - ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი: - წელს ფესტივალს ინგუშეთმა უმასპინძლა. ვფიქრობ, ძალიან კარგი ღონისძიება გაიმართა და კმაყოფილი ვარ. აღნიშნული კულტურული ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა რესპუბლიკის ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიეცათ ურთიერთობის საშუალება. ეს კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმააა, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, თავისი რეგიონი გააცნონ საკუთარ თანატოლებს სხვა ქვეყნიდან თუ რეგიონიდან.

ელვინ ალიევი - სტუდენტი, მომღერალი, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენელი: - როგორც იცით, 2011 წელს აღნიშნულ ახალგაზრდულ ფესტივალს აზერბაიჯანმა უმასპინძლა. ინგუშეთი, ისევე როგორც აზერბაიჯანი, ძალიან სტუმართმოყვარე რესპუბლიკაა. ღონისძიება კარგად ორგანიზებული იყო და დიდი მადლობა ამისათვის ფესტივალის ყველა ორგანიზატორს. ის, რომ აღნიშნულ ფესტივალს რესპუბლიკის ხელმძღვანელი ესწრებოდა, ხაზს უსვამს კავკასიის ქვეყნებისათვის ღონისძიების მნიშვნელობას.

- ყველაზე მეტად რომელი დელეგაციის საკონცერტო ნომერი მოგეწონათ?

- ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა დელეგაცია განსაკუთრებულად კარგად მომზადებული იყო. კავკასიელ ხალხებს ძალიან მსგავსი და ამავე დროს განსხვავებული მუსიკა და ქორეოგრაფია აქვთ და ეს ფესტივალზე კარგად ჩანდა.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია, ისევე როგორც ქართველი სტუდენტები და ჟურნალისტები, რესპუბლიკის ხელმძღვანელმა პირადად მიიწვია სუფრაზე, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ეს ორი ქვეყანა კავკასიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნიკოლოზ მეტრეველი - „თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“, ფესტივალის მონაწილე: - ვფიქრობ, რომ ფესტივალი ძალიან საინტერესო იყო. კარგია, რომ ჩვენი ურთიერთობა რუს და სხვა მეზობელი სახელმწიფოების ახალგაზრდებთან ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ განსაკუთრებული როლი სწორედ სტუდენტებს ეკისრებათ.

მიმაჩნია, რომ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ეს შედეგს გამოიღებს. ამის მზაობა არსებობს და ნათლად ჩანდა ფესტივალზე სხვადასხვა დელეგაციასთან საუბრისას.

რაც შეეხება თავად ინგუშეთს, რესპუბლიკამ ღირსეულად უმასპინძლა საერთაშორისო ფესტივალს.

inguS-1 inguS-2
inguS-3 inguS-4
inguS-5 inguS-6
inguS-7 inguS-8