უცხოეთი
რუსეთის ჯავახკის დიასპორა აღშფოთებას გამოთქვამს

ucxo-3-javaxkსაქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადება:

„როგორც ბევრისთვის ცნობილია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილმა გამგებელმა განცხადება დაწერა და გადადგა. ბევრისთვის ისიცაა ცნობილი, რომ საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის შემთხვევაში საკრებულომ უნდა გამოაცხადოს კონკურსი, რომელში მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.  გამგებლის პოსტზე კონკურსგავლილ კანდიდატს საკრებულო ამტკიცებს, კერძოდ კი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე საბოლოოდ ასარჩევად აუცილებელია საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

ამასთან ერთად, ჩვენს აღშფოთებას იწვევს ის, რომ იმთავითვე, კონკურსის გამართვამდე დიდი ხნით ადრე, ადგილობრივ მოსახლეობაში მუსირებდა ხმები, რომ თბილისში უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ თანამდებობას ვინმე ედუარდ აღასარიანი დაიკავებს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობიდან არავინ იცნობს. და აი, ეს ხმები დადასტურდა, კონკურსის გამარჯვებული ჯავახელებისთვის სრულებით უცხო ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც დღეს ახალქალაქის საკრებულო უთუოდ დამტკიცებს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე:

ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლების დეცენტრალიზაციის ვალდებულებების შესრულებას!

ჩვენ მოვითხოვთ, რომ თბილისი კი არ ნიშნავდეს, რაიონის ადგილობრივი მოსახლეობა ირჩევდეს!

ჩვენ მოვითხოვთ, რომ გამგებელი უპარტიო და დამსახურებული ადამიანი იყოს!

საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრებისას ხელი მოაწერა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ავალდებულებს, თავის შიდა კანონმდებლობაში განამტკიცოს და პრაქტიკაში გაატაროს იურიდიული ნორმების ერთობლიობა, რომლებიც მუნიციპალური წარმონაქმნების პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა.

ჩვენ გამოვთქვამთ აღშფოთებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაარღვიოს ქარტიის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის როლი დემოკრატიის, ეფექტიანი მმართველობისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფაში.

რუსეთის ჯავახკის დიასპორა

19 ივლისი, 2013 წელი“