სამართალი
ირაკლი სესიაშვილი: „დესტრუქციული ქმედებები რუსეთის იმიჯს აზიანებს“
granica-sesiashviliსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსებს არათუ მავთულხლართები გაევლოთ, არამედ რაც აქამდე ღობეები ააგეს, ისიც დაენგრიათ, -  ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა ქართლში საოკუპაციო ზოლის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. "ის, რაც ხდება, ყველა ცივილიზებულ ნორმას და ქცევას სცდება. ახალი ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთიერთდათმობის გზები მოგვენახა. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის საუკეთესო მეზობლები გავხდებით ხვალვე, მაგრამ ვცდილობთ, რომ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთო ენა გამოვნახოთ. იმ ფონზე, როცა პოზიტიურ ნაბიჯებს ჰქონდა ადგილი ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს დესტრუქციული ქმედებები ამ პროცესს ხელს უშლის, ასევე აზიანებს რუსეთის იმიჯს, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ პოზიტიურ სიგნალებს აქვს ადგილი. შესაბამისად, ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსებს არათუ გაევლოთ მავთულხლართები, არამედ რაც აქამდე ღობეები ააგეს, ისიც დაენგრიათ", - განაცხადა სესიაშვილმა.