უცხოეთი
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. კანონპროექტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების ნებას რთავს, სამშაბათს საბოლოოდ იქნა მიღებული ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში.
ახლა კანონმა სამეფო სანქცია უნდა მიიღოს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა და ეს, ალბათ, ამ კვირის ბოლოს მოხდება.
15 ივლისს კანონი ლორდთა პალატამ მოიწონა.ამა წლის ივნისში, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატამ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. წინადადების წინააღმდეგ ხმა მისცა 390 წევრმა და მხოლოდ 148-მ დაუჭირა მხარი კანონის დაბრუნებას შემუშავების დასასრულებლად. ამდენად, კანონპროექტის დამტკიცების შეფერხების უკანასკნელი მცდელობა ჩაიშალა.
მაისში თემთა პალატამ მესამე მოსმენით კენჭი უყარა ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის ლეგალიზაციას.
პარლამენტის ორივე პალატაში კანონპროექტის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს ნაბიჯი ძირს უთხრის ქორწინების ტრადიციულ კონცეფციას, მაშინ, როცა მისი მომხრეები თანასწორობის იდეით აპელირებენ.