საზოგადოება
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ კშიშტოფ ლისეკის განცხადებას გამოეხმაურა.
“ვერ ვხედავ ვერანაირ სხვა მოტივს ბატონ ლისეკის განცხადების, გარდა პოლიტიკურისა, როდესაც ის ამბობს, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისა, გარდა პოლიტიკურისა. ეს, მე მგონი, უკვე საყოველთაოდ ცნობილი და მარტივად აღსაქმელი მოვლენაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი ორგანიზაციის მსგავსი სტრუქტურები აქვს, ისე როგორც სახალხო პარტიას “ნაციონალური მოძრაობის” სახით საქართველოში ადგილობრივი ორგანიზაცია ჰყავს. ასე რომ, ერთი პარტიის წევრები როდესაც ევროპულ სტანდარტებზე საუბრობენ, ცხადია, სწორედ აქაა პოლიტიკა და არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს ასეთი კითხვებისა, გარდა მათი მხრიდან პოლიტიკური მიკერძოებისა”, – განაცხადა უსუფაშვილმა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს ევროპარლამენტარებმა, მათ შორის, კშიშტოფ ლისეკმა, ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც ლისეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნით გაოცებულია.