საზოგადოება
ზაქარია ქუცნაშვილი: „უშიშროების საბჭოს არაფერი ესაქმება წინასაარჩევნო კამპანიასთან“
zaqaria-kucnashviliსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის მიზნით "ქართული ოცნება"  საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის ერთ-ერთი პუნქტი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ე. წ. უწყებათაშორისი კომისიის გადასვლას გულისხმობს. "საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნაწილში არსებობდა უწყებათაშორისი კომისია და ის ფუნქციონირებდა უშიშროების ეროვნულ საბჭოსთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უშიშროების საბჭოს არაფერი ესაქმება წინასაარჩევნო კამპანიასთან, ეს არ არის მისი მოვალეობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ, რომ ეს ფუნქცია მთავრობაში გადასულიყო, კერძოდ, პრემიერ-მინისტრთან, თუმცა, პრემიერის პოზიციით, არ იქნება სწორი, რომ ის ამ საკითხში ჩაერიოს. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იქნება ის რგოლი, რომელიც კანონის მიღების შემთხვევაში უწყებათაშორის კომისიას უხელმძღვანელებს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.